„ბევრი ტურისტი ჩამოდის, მაგრამ ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ადგილზე ვერ ვაჩერებთ“, - შიდა ქართლის გუბერნატორი რეგიონში არსებულ გამოწვევებზე
„ვმუშაობთ იმაზე, რომ რეგიონში გამოვნახოთ ტერიტორიები, სადაც სასტუმროების აშენება მოხდება“, - ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა კახა სამხარაძემ „კომერსანტს ესაუბრა.
გუბერნატორმა რეგიონში დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა მოგვარდეს.
შიდა ქართლში არაერთი ტურისტული ზონაა, მათ შორის ტბები, (ბატეთის ტბა — ფოტო) ჩანჩქერები, უძველესი კულტურული ძეგლები, რომლებსაც ტურისტების საკმაოდ დიდი რაოდენობა სტუმრობს. ტურისტული ინფრასტქრუქტურის არასათანადო მოწყობის გამო კი, ვიზიტორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან არ არის სასტუმრები, სადაც ღამის გათევას შეძლებენ. ამ პრობლემას მხარის გუბერნატორიც აღიარებს.
„ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გამოვნახოთ ტერიტორიები, სადაც სასტუმროების აშენება მოხდება. რეგიონში არაერთი ტურისტული ადგილია. ბევრი ტურისტი ჩამოდის, მაგრამ მათ ადგილზე ვერ ვაკავებთ. ამიტომ ჩვენს ინტერესში შედის, რომ ტურისტებისთვის ასეთი ობიექტები მოვაწყოთ. მას შემდეგ, რაც რეგიონში ეს სფერო მოწესრიგდება, გარკვეული ინვესტიციების მოზიდვა მოხდება. მაგალითად, ძამას ხეობაში, რომელიც უნიკალური ადგილია და ტურისტებისთვის ბევრი საინტერესო ობიექტია, აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია. ამჟამად გვაქვს რამდენიმე ტერიტორიაზე პირობითი აუქციონები გამოცხადებული, სადაც სასტუმროების აშენება იგეგმება“, - აცხადებს სამხარაძე.
მისივე თქმით, კონკრეტულად სურამში ორი სასტუმრო აშენდება, მათ შორის ერთის შემთხვევაში, უცხოური ბრენდული სასტუმროს შემოყვანა იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე ვერ საუბრობს.
„სურამში ორი სასტუმროს აშენებაზეა საუბარი. ერთი ამაბავი თითქმის გადაწყვეტილია. პროექტირებაც დაწყებულია. ამ ეტაპზე დეტალებს ვერ ვახმაურებთ. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ქართველი კერძო ინვესტორი ააშენებს.ზოგადად რეგიონში გარკვეული ინვესტიციებით უცხოელებიც არიან დაინტერესებული, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ პროცესებში ძირითადად ქართველი ინვესტორები ჩავრთოთ. ოპერატორი ვინ იქნება, უცნობია. ინვესტორს რამდენიმე უცხოურ ბრენდულ სასტუმროსთან აქვს მოლაპარაკებები დაწყებული და ეს ამბავი ახლო მომავალში გადაწყდება. რაც შეეხება მეორე სასტუმროს, რომლის აშენებაც ასევე სურამში იგეგმება, ჯერჯერობით აუქციონი მიმდინარეობს“, - აღნიშნავს კახა სამხარაძე.
რაც შეეხება შიდა ქართლში სასმელი წყლისა და გაზის საკითხს, გუბერნატორის თქმით, მომავალი ორი წლის განმავლობაში ეს პრობლემები მთლიანად მოგვარდება.
„მიმდინარე წლის განმავლობაში რეგიონში გზების, საბავშო ბაღების, სასმელი წყლის, ნაპირსამაგრი სამუშაოების მოგვარება მიმდინარეობდა. 34 100 000 ლარის პროექტები უკვე განხორციელდა და ზოგიერთი უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენთვის პრიორიტეტულია სასმელი წყალი, გზები, ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურა, რაზეც მომავალ წელს ასევე, 34 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.
რეგიონის დიდ და მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება სასმელი წყალი და გზა. წყლის პრობლემის 80% მოგვარებულია და 20% რჩება. რაც შეეხება გაზის საკითხს, სოფლების 10% დარჩა, სადაც გაზია შესაყვანი. ელექტროენერგიის გამრიცხველიანება კი სრულად დასრულდა. ასევე, გარე განათებების პროექტებზე აქტიურად ვმუშაობთ. ყველა აღნიშნული პროექტი ორი წლის განმავლობაში მთლიანად დასრულდება“, - აღნიშნა კახა სამხარაძემ.
მისი თქმით, მომავალ წელს კასპის მუნიციპალიტეტში, თეძამის წყალსაცავის მასშტაბური პროექტი დაიწყება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარწყავი წყლის პრობლემას მოაგვარებს. ამასთან, სოფლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და დასახლებული ადგილები აღარ დაიტბორება.
„ეს პროექტი გრძელვადიანი იქნება და რამდენიმე წელი დაგვჭირდება, რომ მთლიანად დავასრულოთ. გვაქვს მეორე პროექტი, გორის მუნიციპალიტეტში, ზონკარის წყალსაცავის რეაბილიტაციის შესახებ. პროექტი მუშავდება და მომავალ წელს სამუშაოები დაიწყება, თუმცა აღნიშნული წყალსაცავის ნაწილი ოკუპირებულ ზონაშია მოხვედრილი და მხოლოდ მეორე ნაწილი რეაბილიტირდება. ამასთან, გორში, ნადარბაზევის ტბის რეაბილიტაციასაც მომავალ წელს დავიწყებთ და დავასრულებთ“, - აღნიშნავს სამხარაძე.
შიდა ქართლის გუბერნატორის თქმით, კასპში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა წელს დასრულდა. ამჟამად კი გორსა და ხაშურში სპორტული დარბაზების მშენებლობა მიმდინარეობს: „გორის სტადიონს რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა და 18-წლამდელთა ევროპოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩიც და ფინალიც აქ ჩატარდა, რადგან მაღალი დონის სტადიონია“.
ავტორი: თეონა კენჭიაშვილი