განმუხურში, სანაპიროზე გამორიყულ ძველ გემში, უნიკალური ბიბლიოთეკის მოწყობა იგეგმება. ინიციატივა პირველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორმა ბესიკ არახამიამ სოციალური ქსელის საშუალებით გააჟღერა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა სიტყვიერ მხარადჭერასთან ერთად, პროექტის განხორციელება გარკვეულ ფინანსურ რესურსსაც მოითხოვს.
ბესიკ არახამიას თქმით, დაახლოებით 10 000 ლარია საჭირო იმისთვის, რომ პროექტი სისრულეში მოიყვანონ, ხარჯი ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, როგორიცაა გემის კეთილმოწყობა, შეღებვა და შიდა სივრცის მოწესრიგება.
არახამია დარწმუნებულია, რომ განმუხურის საფეხმავლო ხიდის სათავესთან მოკალათებული გემი, წიგნის მოყვარულთა საყვარელი ადგილი გახდება.
„გემი დამონტაჟებულია, უსაფრთხოა და მასზე მცირე ზომის ბიბლიოთეკის განთავსება უპრობლემოდ შეიძლება. გვეუბნებიან, ანგარიში გავხსნათ, შემოწირულებებით და სხვა საშუალებებით განვახორციელოთ პროექტიო. ჯერჯერობით არ ვიცი, რა ფორმით შეიძლება მოძიებულ იქნას სპონსორი, იდეებს განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტით კურტორტ განმუხურს უფრო მიმზიდველს გავხდით. ამის რამდენიმე მაგალითი ევროპის ცნობილ კურორტებზე შეგვიძლია ვნახოთ. გვაქვს თემატიკა ,,ენგურის პაემანი ზღვასთან“, რომელიც ერთი ლამაზი საზღვაო ბიბლიოთეკის დაარსების საბაბი უნდა გახდეს“, - ამბობს ბესიკ არახამია.
პროექტი საბოლოო მიზანი მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების წიგნიერების დონის ამაღლებაა. ამ თვალსაზრისით, როგორც არახამია „კომერსანტთან“ ამბობს, რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, წიგნის მოყვარული ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფ B612-ის პროექტი — „საოჯახო ბიბლიოთეკის გიდი“. პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ წაიკითხონ წიგნები სამეგრელოს ღირშესანიშნავ ადგილებში, ეწყობა წიგნის კითხვის ტურები, ტარდება ონლაინ-გაკვეთილები და სხვა.
„ჩვენი დიდი მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელიც გვსტუმრობდა, გაეცნო პროექტს და იდეის განხორციელების შემთხვევაში, წიგნების გარკვეულ რაოდენობას საჩუქრად გადმოგვცემს. რამდენიმე ასეულ წიგნს ჩვენც მოვუყრით თავს, ამ მხრივ არანაირი დაბრკოლება არ არის. გემზე მოწყობილ ბიბლიოთეკაში დაახლოებით 3 000 წიგნი განთავსდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წიგნთან მივიყვანოთ მკითხველი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ქალაქში ამ მხრივ ნორმალური სიტუაციაა, უფრო სოფლებში ჭირს, წიგნიერების დაბალი დონეა. ახალი პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მოსახლეობაში წიგნის კითხვის მოტივაცია ავამაღლოთ. ამ მხრივ ბიბლიოთეკა გემზე დიდ ინტერესს გამოიწვევს. გვაქვს იდეა, ვინც თუნდაც ნახევარი საათით ესტუმრება საზღვაო ბიბლიოთეკას და წაიკითხავს წიგნს, უფასოდ გავუმასპინძლდეთ ყავით ქვიშაზე, ხოლო ვინც ერთი საათს გაატარებს წიგნთან, შესაძლოა შოკოლადსაც უფასოდ გამოკრას ხელი. თუმცა ჯერ მხოლოდ იდეაა და ვეძებ მხარდამჭერებს“, - ამბობს ბესიკ არახამია.
„ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ ინფორმაციით, ის აერთიანებს ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და 30 საქალაქო და სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალს. ბიბლიოთეკებში, საერთო ჯამში, 188 942 წიგნია.
მხოლოდ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკით ყოველდღიურად დაახლოებით 50 ადამიანი სარგებლობს.
commersant.ge