ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტთა ყოფილი სახლის ადგილზე სასტუმროს აშენებს
16 სექტემბერი, 2021

ბიძინა ივანიშვილი თბილისის ისტორიულ უბანში კიდევ ერთ სასტუმროს აშენებს. ერეკლე მეორის მოედანზე 790 კვ.მ.  მიწის ნაკვეთებზე 3 სართულიანი, 23 ნომერზე გათვლილი სასტუმრო მოეწყობა.

ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი ახლა მშენებლობის ნებართვის მიიღებს ელოდება, თუმცა მანამდე კომპანიამ უარი მიიღო ჯერ დემონტაჟზე, ხოლო შემდეგ სასტუმროს ესკიზზე.

პირველად შპს „ძველმა უბანმა“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს ისტორიული შენობის დემონტაჟის მოთხოვნით 2020 წლის 9 მარტს მიმართა. მოთხოვნას თან ახლავს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც წერია, რომ შენობას აღენიშნება მესამე (საშუალო დონის) ხარისხის დაზიანება. შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ შენობის ფუნქციონირება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა მისი შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭირო იქნება მისი აღდგენა-გაძლიერება. აღსანიშნავია, რომ არქიტექტურის ვებ-გვერდზე დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება, თუ რატომ უთხრა უარი შპს „ძველ უბანს“ დემონტაჟზე, ატვირთული არ არის. ჩვენ ვერ გავიგეთ რით იყო განპირობებული კალაძის მთავრობის უარყოფითი გადაწყვეტილება.

კომპანიამ თბილისის მერიას, დემონტაჟის მოთხოვნით განმეორებით გასული წლის 6 აპრილს მიმართა. შპს „ძველი უბნის“ მეორე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. დემონტაჟის პროექტი ამჯერად არქიტექტურის სამსახურმა მოიწონა.

ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულმა კომპანიამ ესკიზის წინასწარ შეთანხმებაზე უარი ორჯერ მიიღო. არა ერთი მცდელობის მიუხედავად შპს „ძველი უბნის“ ესკიზი 2021 წლის 17 მაისს შეთანხმდა. უარის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მიწის ნაკვეთზე არ იყო დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

მას შემდეგ რაც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დადგინდა პროექტი არქიტექტურის სამსახურმა მოიწონა.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სასტუმროს იერსახე, უბნის ისტორიული განაშენიანების გათვალისწინებით, აკადემიურ სტილშია გადაწყვეტილი, ქალაქური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი აივნებითა და დეკორატიული ელემენტებით. არქიტექტორის თქმით, ფაქტობრივად პროექტი ჟურნალისტთა სახლის შენობის იერსახეს იმეორებს. ერეკლე მეორის მოედანზე გამავალი პირველი სართულის სივრცე სარესტორნო და კაფეს ფართებს ეთმობა. შუა ნაწილში რეცეფცია და ფოიე არის განთავსებული. -3, -2 და -1 სართულებზე გათვალისწინებულია ტექნიკური და დამხმარე ფართების მოწყობა, ხოლო 2 და მე-3 სართულებზე სასტუმროს ნომრები განთავსდება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.