აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრი შენდება. კომერსანტის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ შენობა ტერასული სისტემის ორ და სამსართულიანი იქნება. 100 პაციენტზე გათვლილი საავადმყოფოს სამშენებლო ფართი 2001 კვადრატული მეტრია. მშენებლობის დამკვეთი ოფიციალური დოკუმენტებით „შპს პოზიტივია“. არაოფიციალურად კი ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ სახელდება.
დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად „კომერსანტი“ კომპანია „პოზიტივის“ დირექტორს და სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარ არქიტექტორს მალხაზ ჯეირანაშვილს დაუკავშირდა. ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მშენებლობის ზუსტი ხარჯები ჯერჯერობით უცნობია.
„რამდენიმე მილიონზე საუბარი, არანაკლებ სამი მილიონი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ხარჯები გაიზარდოს, რადგან შეიძლება მონაწილეობა სარეაბილიტაციო ცენტრის აღჭურვილობაშიც მივიღოთ, ამიტომ ზუსტ თანხას ვერ გისახელებთ“, -განაცხადა მალხაზ ჯეირანაშვილმა.
ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყო. როგორც არქიტექტორი ამბობს, თუ ამინდმა პროცესს ხელი არ შეუშალა, მშენებლობა 2019 წლის მაისში დასრულდება.
„ამ მოკლე პერიოდში სამი სართული უკვე აშენებულია. ჩვენი გათვლებით, პროექტი მაისის ბოლოს უნდა დავასრულოთ. როგორც გვითხრეს, ზამთარში ტემპერატურა ეცემა, ამან შეიძლება გაართულოს მშენებლობის პროცესი“.
მალხაზ ჯეირანაშვილის სახელს კიდევ ერთი გრანდიოზული მშენებლობა უკავშირდება – ის პანორამა თბილისის მთავარი არქიტექტორია. რაც შეეხება კომპანია “პოზიტივს“, სადაც ჯეირანაშვილს დირექტორის თანამდებობა უკავია, 100 პროცენტიანი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გარი ხოსიტაშვილია. ჯეირანაშვილმა „კომერსანტთან“ შპს „პოზიტივზე“ და გარი ხოსიტაშვილზე საუბარი არ ისურვა. თუმცა, ხოსიტაშვილზე ინფორმაცია სოციალურ ქსელ linkedin— ში მოვიძიეთ. როგორც ირკევა, შპს პოზიტივის დირექტორი წარსულში რუსეთში შინაგან საქმეთა სამინისტროში ექსპერტ კრიმინალისტად მუშაობდა.
commersant.ge