17 დეკემბერს, ტურიზმის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ ვორკშოპი თემაზე: „მონაცემთა ანალიზი ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიებისთვის“.
ვორკშოპი გაიმართა პროექტის „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის - T4BS“ ფარგლებში, რომელიც ევროკომიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მიზნად ისახავს დიდ მონაცემთა (Big Data) ანალიტიკის შესაძლებლობების ჩვენებას ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტს ახორციელებს 6 პარტნიორი 5 ქვეყნიდან- სლოვენია, საბერძნეთი, საქართველო, უკრაინა და რუმინეთი.
პროექტის ფარგლებში მუშავდება მექანიზმი „ტურიზმის გავლენის მოდელი" (TIM), რომელიც საშუალებას იძლევა დიდი მონაცემების შეგროვების და დამუშავების საშუალებით გაიზომოს ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი პარამეტრები: ეკონომიკური, სოციალური, გარემოსთან დაკავშირებული და ა.შ. დიდ მონაცემებში იგულისხმება არა მხოლოდ ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა, არამედ წყლის, ელექტრონეერგიის მოხმარების მაჩვენებლები, ნაგავსაყრელების დატვირთულობა, ჰაერის ხარისხის მაჩვენებლები და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ინდიკატორი.
სწორედ აღნიშნული ხელსაწყოს (TIM) საშუალებით უკვე გარკვეულწილად გაანალიზდა ბათუმში ტურიზმის სექტორი, რომლის პირველადი შედეგები ვორკშოპზე იქნა წარმოდგენილი. ევროპელი ექსპერტების ჩართულობით განხილული იქნა დიდი მონაცემების შეგროვების გამოწვევები, მათი გაანალიზების საფუძველზე დამდგარი შედეგები და დიდ მონაცემთა ანალიტიკის პერსპექტივები საქართველოში. ვორკშოპს ესწრებოდნენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებიდან, მათ შორის: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ბათუმის მერია, საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო, საქსტატი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, კომპანია "ტურინვესტი" და ა.შ. დამსწრეებს შორის იყვენენ ასევე სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები. ვორკშოპის ბოლოს გაიმართა ღია დისკუსია, სადაც დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model) სულ ეხლახანს გახდა საუკეთესო ინოვაციური პროექტი ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა ანალიტიკის კუთხით (The Best Innovation on AI and Data Analytics Award) „ტურიზმის ინოვაციების სამიტზე 2020“ (Tourism Innovation Summit 2020).
ვორკშოპის სრული ვიდეო-ჩანაწერის ხილვა შეგიძლიათ აღნიშნული წინადადებაზე დაწკაპუნებით.
tourister.ge