ბაზარზე კონკურენციის მიუხედავად, „ბიკენტიას საქაბაბეზე“ მოთხოვნა არ შემცირებულა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ობიექტის მფლობელმა და დირექტორმა ფრიდონ აბზაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტურისტების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია, თუმცა, მომხმარებლების უმეტესობა ძირითადად ადგილობრივები არიან.
„გარშემო ძალიან ბევრი კვების ობიექტი გაიხსნა, თუმცა ჩვენ სხვა პროფილით ვმუშაობთ. ჩვენ ჩვენი მომხმარებელი გყვავს, სხვა ტიპის კვების ობიექტებს - თავისი. გადაკვეთა არ ხდება,“ - აცხადებს აბზაძე.
"ბიკენტიას საქაბაბეში" ინფრასტრუქტურული განახლება მოხდა, თუმცა გაფართოება და ახალ ლოკაციაზე მისი ფილიალის გახსნა არ იგეგმება. როგორც აბზაძე ამბობს, ამჟამინდელ ლოკაციაზე საქაბაბის გაფართოების შესაძლებლობა არ არის, ახალი ტერიტორიის ათვისება კი კომპანიის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
"მომხმარებელმა ამ ლოკაციაზე გაგვიცნო, წლებია ობიექტი ამ ტერიტორიაზეა, შესაბამისად, ახალი მისამართის დამატება ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის,"-აცხადებს აბზაძე.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში თითქმის ყველა ტიპის პროდუქციაზე ფასები გაზრდილია, თუმცა, კომპანია ცდილობს ეს "ბიკენტიას საქაბაბის" მენიუზე არ ასახოს.
ცნობისთვის, „ბიკენტიას საქაბაბე" ქალაქ ქუთაისში 1954 წელს ამოქმედდა, მან სახელი მალევე გაითქვა ქაბაბით, რომელსაც ბიკენტია გვიშიანი ამზადებდა, ხოლო 1997 წლიდან მისი მფლობელი ფრიდონ აბზაძეა.
business-partner.ge