ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბიომეწარმეების ხმა პრემიერს – რა შეღავათები სჭირდება ბიზნესს?
20 მაისი, 2019

მიმდინარე წლის 11 მაისს, პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეგრელოში „აგროსაინვესტიციო ფორუმზე“ ახალი ინიციატივა გააჟღერა და თქვა, რომ ყველა ის მეწარმე, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქტს აწარმოებს, გადასახადებისგან გათავისუფლდება. 

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ორგანულ, ბიოლოგურად სუფთა პროდუქციის წარმოებას. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. გპირდებით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ და საერთოდ გავაუქმებთ გადასახადებს იმ მეწარმისთვის, ვინც საქართველოში იქნება დაკავებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებით. ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა. ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს. ეს არის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში გადავიყვანოთ განვითარების ახალ დონეზე“, – განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერის ინიციატივის თაობაზე მეტი დეტალის გაგებას bm.ge პროფილურ სამინისტროებში შეეცადა, მაგრამ – უშედეგოდ. კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაგვამისამართა, მაგრამ ლევან დავითაშვილის უწყებაშიც გვითხრეს, რომ „მიმდინარეობს სამუშაოები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“.

ვიდრე მთავრობა პრემიერის ინიციატივას დახვეწს და კონკრეტიკამდე მიიყვანს, bm.ge-მ ბიომწარმოებლების მოსაზრებები მოისმინა. 

მათ პრემიერის ინიციატივა მოსწონთ, მაგრამ სანამ მთავრობა კონკრეტულ სქემას შეიმუშავებს, იმედი აქვთ, რომ აზრს თავად მწარმობლებს ჰკითხავენ და შესაბამისი სამოქმედო გეგმაც მათი პრობლემების გაცნობის შემდეგ გაიწერება. 

გიორგი ალადაშვილი, რომელიც „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ დამფუძნებელია, ამბობს, რომ ფერმერებს – არამხოლოდ საგადასახადო შეღავათები, არამედ სხვა კუთხითაც სჭირდებათ მხარდაჭერა; მათ შორის – ტექნიკის, ფინანსებთან წვდომის და ბიოწარმოების დაწყების წახალისების მიმართულებით. 

„გადასახადებისგან გათავისუფლების ინიციატივას მივესალმებით, მაგრამ ეს ყველაფერი არის კარგად გასაწერი. საჭიროა, კომუნიკაცია ყველა გამოცდილ თუ ახალ ბიომეწარმესთან, ვისაც ამ მხრივ გამოცდილება აქვს. აუცილებელია, სხვადასხვა ქვეყნების სტანდარტების აღება. შვეიცარიაში, ავსტრალიაში სახელმწიფო აბსოლუტურად ყველა ხარჯს უფარავს მეწარმეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია აწარმოონ. 

მარტო ის არ არის საკმარისი, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდები; სახელმწიფო უნდა დაგეხმაროს, რომ საერთოდ ბიოწარმოების ინტერესი გაგიჩნდეს. 
ჩემი აზრით, ის ბიომეწარმე, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს, უნდა იყოს სერტიფიცირებული, რაშიც ასევე სჭირდება დახმარება. ასევე, მისი საქმიანობა კანონით უნდა იყოს დაცული. მაგალითად, როცა შენ აწარმოებ ბიოპროდუქტს და მეზობელი ფართობიდან ვიღაც შხამს გისხამს, ეს უნდა იყოს დასჯადი. 
ასევე, მევენახეობის შემთხვევაში, ფერმერებს გაცილებით ხშირად უწევთ შეწამვლის სამუშაოების ჩატარება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. აქაც უნდა დაფიქრდნენ, როგორ შეიძლება დაეხმარონ მწარმოებლებს“, – აცხადებს ალადაშვილი. 

რაც შეეხება გადასახადებს, ბიომეწარმის თქმით, ამ დროისთვის იხდის მიწის გადასახადს, ასევე ბეგრავენ ყურძნის წვენისგან ნაწარმოებ პროდუქტებს. 

„ყურძენი შეიძლება არ დაიბეგროს, მაგრამ მისგან წარმოებულ წვენს მიბეგრავენ, რაშიც მწარმოებლებს უნდა ჰქონდეთ შეღავათი“, – ამბობს გიორგი ალადაშვილი. 

პრემიერის ინიციატივა ასევე მოსწონს ნინა პეტროვა-ძნელაძეს, რომელიც სასათბურე მეურნეობას ფლობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს აწარმოებს. 

„შეღავათი იმდენად არ არის მთავარი ჩვენს დარგში, როგორც საჭიროა დახმარება სტაბილურად, მითუმეტეს როცა სასათბურე ბიომეურნეობაზეა საუბარი – დაზღვევიდან დაწყებული, ტარიფებით დამთავრებული. საბანკო სესხები აგროპროექტში უკვე შეღავათად გვეთვლება, მაგრამ ვერ ვფართოვდებით გადასახადების გამო. რთული საკითხია; დაველოდოთ, ერთჯერადი დაპირება რომ არ გამოდგეს“, – განმარტავს bm.ge-ისთან საუბარში ნინა პეტროვა-ძნელაძე.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.