ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფ. ბირკიანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების სასახლის კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კომპლექსი მოიცავს სასახლეს, მინაშენით, საწნახელს და გალავანს. აგებულია ნატეხი ქვით დუღაბზე.
სასახლე სამსართულიანია, ოთხკუთხა გეგმარების (12×9,2 მ). პირველი სართული დანარჩენებთან შედარებით დაბალია და ის სამეურნეო დანიშნულებისაა.
სათავსი სამხრეთ კედელში გაჭრილივე მცირე ზომის სარკმლით ნათდებოდა. მოწყობილი იყო ბუხარი. მეორე სართული საცხოვრებელია. სივრცე ნათდებოდა კედლებში დატანებული ღიობების საშუალებით. სამხრეთის კედელში ორი ნიშია. სართულშორისი გადახურვა ხის იყო.
მესამე სართულის დანიშნულება ამჟამად გაურკვეველია, რადგან ფრაგმენტულადაა შემორჩენილი და კედლებში მხოლოდ ნიშები იკითხება. სახლს დასავლეთიდან ორსართულიანი მცირე მინაშენი აქვს, რომელშიც შესასვლელი სახლიდანაა.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველი სართული ყრუა და კედელში მხოლოდ ნიშებია. მეორე სართული სამხრეთ მხარეს შეისრული თაღითაა გახსნილი. ერთი მოსაზრებით ეს სასახლის ღია ტერასა უნდა ყოფილიყო (ზუსტი ფუნქციის გარკვევა არ ხერხდება ფრაგმენტულობის გამო). სასახლეს სამხრეთის მხრიდან, შესასვლელის აღმოსავლეთით ორი სართულის სიმაღლეზე ნახევარწრიული კონტრფორსი აქვს მიშენებული. ამავე ფასადზე სახლს მეორე სართულზე აივანი ქონია - შემორჩენილია აივნის საბჯენის ფოსოები. სათავსის პირველ სართულთან ხვრელით დაკავშირებულია სასახლის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეზე მიდგმული ქვის საწნახელი. საწნახელი ერთნავიანია, ჩრდილო-სამხრეთის ღერძზე წაგრძელებული.სახლს წინიდან გალავანი ქონია.
კომპლექსი თავისი მოცულობით მაღალი ფენის წარმომადგენლის საცხოვრისია. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სამსართულიანი საცხოვრებლები იშვიათია, კომპლექსი ღირებული ნაგებობაა და იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს.
www.travelingeorgia.ge