ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ბიზნესის მხარდაჭერა არის ნული“ - რესტორანი „დიარონი“
16 დეკემბერი, 2021

საქართველოში „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ ზუგდიდში მდებარე პოპულარული რესტორანი „დიარონი“ ფაქტობრივად გაჩერებულია. როგორც „კომერსანტს“ რესტორნის დირექტორმა მამუკა ნაყოფიამ უთხრა, 1-ლი დეკემბრის შემდეგ რესტორნისთვის ყოველი დღე „მინუსია“.

“მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდა, ყველაფერი გაჩერდა, მომხმარებელი ფაქტობრივად აღარ გყავს. გვქონია შემთხვევები, რომ მოსულან და მწვანე პასპორტის არ ქონის გამო გაგვიბრუნებია, რა ვქნა - ვერ ვუშვებ, მომხმარებელიც თითქმის აღარ არის და ყოველ დღე მინუსებზე გავდივართ.

დეკემბრამდე ასე თუ ისე ვმუშაობდით, ყოველ შემთხვევაში რესტორანი თავს და პერსონალს ინახავდა, ზარალი არ გვქონია, ზაფხულის სეზონზე კარგი მუშაობა გვქონდა, აგვისტოში კმაყოფილები ვიყავით, ხალხი სამოგზაუროდ სხვა ქვეყნებში ვერ მიდიოდა და მთელი ფული აქ დაიხარჯა, მაგრამ იმისთვის რომ რაღაც დანაზოგი გაკეთდეს, ერთი თვე საკმარისი არ არის“, - აღნიშნა მამუკა ნაყოფიამ.

მამუკა ნაყოფიამ სრული ლოკდაუნის დროს რესტორნის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ რესტორანი გატანის სერვისზე მუშაობდა, თუმცა დღეს შეკვეთები გატანის სერვისზეც აღარ არის. მისივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ახალი წლის შემდეგ იძულებული გახდება, რომ თანამშრომლები შეამციროს.

„როდესაც ქვეყანაში სრული ლოკდაუნი გამოცხადდა, მხოლოდ გატანის სერვისზე გადავერთეთ, იმდენი თანამშრომელიც არ გვყავდა დატვირთული და თავს ვინახავდით, ახლა როცა რესტორანი გახსნილია და ხალხი არ არის, ჩვენთვის ყოველი დღე ზარალია, არავინ არაფერში არ გვეხმარება. ბიზნესისთვის ხელშეწყობა არის ნული.

ახლა მომიწევს, რომ პერსონალი შევამცირო, ახალ წლამდე როგორმე უნდა შევინარჩუნო და მერე გავუშვა, მათაც ხომ თავისი სესხები და ვალდებულებები აქვთ. 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედებულმა შეზღუდვებმა ძალიან დაგვაზარალა. რაც შეეხება გატანის სერვისს, შეკვეთები მაგ მხრივაც შეგვიმცირდა, თუ პანდემიის დროს დღეში 20 შეკვეთას ვაღებდით, ახლა შეიძლება იყოს 5, ხშირად ეგეც არ არის“, – აღნიშნა მამუკა ნაყოფიამ.

რესტორნის დირექტორი ფიქრობს, რომ ბიზნესის მხარდასაჭერად რეგულაციების გარდა ბიზნესს შეღავათებიც უნდა დაუწესდეს.

„არც კომუნალურ და არც საშემოსავლო გადასახადებში არავინ არ გვეხმარება, მე ყველანაირ რეგულაციაზე თანახმა ვარ და ვასრულებ, აცრებიც უნდა ჩატარდეს, მაგრამ მეორე მხრიდანაც ხომ უნდა გაკეთდეს რაღაც, აქეთ სესხები და სხვა ათასი ვალდებულება გვაქვს, სახელმწიფოსგან დახმარება კი ნულია“, —  აღნიშნა მამუკა ნაყოფიამ საქართველოში „მწვანე პასპორტი“ 1- ლი დეკემბრიდან მოქმედებს. „მწვანე პასპორტის“ გარეშე მომხმარლები კაფეებისა და ბარების ღია და დახურული სივრცეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში,  მუზეუმებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სპა-ცენტრებში, ფიტნესდარბაზებში, სასტუმროებსა და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე არ დაიშვებიან.  




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.