ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბლექ სი არენა ამინდის დაზღვევას აკეთებს და 9 კონცერტის დაზღვევაში 48.5 ათას ლარს იხდის - GMC
03 აგვისტო, 2022

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „ბლექ სი არენა“ 2022 წლის ღონისძიებების გამართვას გეგმავს ღია სივრცეებში: „ბლექი სი არენას“ ეზო, მუსიკოსთა ბაღი და სოციალური სივრცე. საინტერესოა, რატომ არ იხსენება წელს „ბლექ სი არენას“ მთავარი სცენა (main stage), რომელიც არის დახურული და უამინდობის შემთხვევაში კონცერტის ჩაშლის რისკებსაც შეამცირებდა. აღნიშნული სცენის შეკეთებაში ყოველწლიურად 40,000 ლარამდე უხდის „ბლექ სი არენა“ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიას, შპს ელიტა ბურჯს.

„ბლექ სი არენას“ სარემონტო სამუშაოების ჩატარების ექსკლუზივით მხოლოდ შპს ელიტა ბურჯი სარგებლობს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ – იმის გამო, რომ თავდაპირველად საკონცერტო დარბაზის მშენებლობა და სამონტაჟო სამუშაოები შესრულებულია ელიტა ბურჯის მიერ, მხოლოდ მას შეუძლია სცენასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება. შესაბამისად, ყოველწლიურად პირდაპირ შესყიდვის გზით ბლექ სი არენა ჯორჯია ხელშეკრულებას უფორმებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას.

მიუხედავად იმისა, რომ 2020-2021 წლებში „ბლექ სი არენაზე“ კონცერტი არ ჩატარებულა, კომპანია ამ პერიოდში პირდაპირი შესყიდვის გზით აქტიურად უფორმებდა ხელშეკრულებას შპს ელიტა ბურჯს შენობის მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის.

მაგალითად, 2020 წელს პირველი შესყიდვა (SMP200003105) 28 ივლისით თარიღდება და ხელშეკრულების ღირებულება 30,000 ლარს შეადგენდა. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა მექანიკური სახურავის ტექნიკური მომსახურება და დაზიანებების აღმოფხვრა. ბლექ სი არენამ განაცხადა, რომ საკონცერტო დარბაზის სამშენებლო სამუსშაოები შპს ელიტა ბურჯმა შეასრულა, მოძრავი სახურავიც სწორედ მათი დაპროექტებული და დამონტაჟებული იყო და ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ შპს ელიტა ბურჯს ჰქონდა შესაბამისი კომპეტენცია მისი შეკეთებისთვის. ამასთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულებაში აღნიშნავს, რომ თუკი სამუშაოებს სხვა რომელიმე კომპანია შეასრულებს, შპს ელიტა ბურჯი ყველანაირ პასუხისმგებლობას მოიხსნის.

მეორე შესყიდვა (SMP200005591) 2020 წლის დეკემბრით თარიღდება. ტენდერის ღირებულება 40,000 ლარს შეადგენდა, თუმცა შესყიდვის ობიექტი უცვლელი იყო, ამ შემთხვევაშიც შემსყიდველი ასაბუთებდა, რომ ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზის სახურავი რთული მექანიკური მექანიზმი იყო და მისი შეკეთება მხოლოდ შპს ელიტა ბურჯს შეეძლო, რადგან თუ სხვა კომპანია შეასრულებდა სამუშაოებს, შპს ელიტა ბურჯი მოიხსნიდა ყველა პასუხისმგებლობას.

შესაბამისად, მხოლოდ 2020 წელს „ბლექ სი არენამ“ შპს ელიტა ბურჯს 70,000 ლარი სახურავის შეკეთებისთვის გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როდესაც საკონცერტო დარბაზი შესყიდვებს აფორმებდა, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კონცერტები საერთოდ არ ტარდებოდა.

საკონცერტო დარბაზს ფუნქციონირება შეჩერებული ჰქონდა 2021 წელსაც, თუმცა 2021 წლის ბოლოს, დეკემბერში კიდევ ერთი შესყიდვა (SMP210003723) გამოცხადდა საკონცერტო დარბაზის მექანიკური სახურავის ტექნიკური მომსახურებისთვის. ხელშეკრულება ამჯერადაც შპს ელიტა ბურჯთან დაიდო და მისი ღირებულება 40,000 ლარს შეადგენდა.

2020-2021 წლებში ბლექ სი არენა ჯორჯიამ 110,000 ლარი გადაუხადა შპს ელიტა ბურჯს საკონცერტო დარბაზის სახურავის ტექნიკური მომსახურებისთვის, თუმცა ამ პერიოდში საკონცერტო დარბაზი უფუნქციო იყო“, აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ ვებგვერდზე განთავსებულ სტატიაში.

შპს ბლექ სი არენა ჯორჯია 2016 წლის ივლისში დაფუძნდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, კომპანიაში დირექტორის თანამდებობას ტარიელ ხარჩილავა იკავებს, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაში შედის კომპანიის სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა და გადაწყვეტილებების ზედამხედველობა.  2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა, ამის შემდეგ კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ლარით ფინანსდება ბიუჯეტიდან.

წყარო: https://gmc.org.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.