115 მლნ-იანი „ბლექ სი არენა“ VS მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა – რა პრობლემები აწუხებთ შეკვეთილის მოსახლეობას
საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი black Sea Arena, რომელიც 10 ათასამდე ადამიანს იტევს 2016 წლიდან ფუნქციონირებს.
„ბლექ სი არენა“ არა მხოლოდ მოცულობით გამოირჩევა, არამედ აღჭურვილია სპეციალური აპარატურითა და განათების სისტემებით, რომელიც გრანდიოზული შოუების ჩატარების საშუალებას იძლევა. საკონცერტო დარბაზს ყველწლიურად უამრავი ცნობილი არტისტის სტუმრობს, შესაბამისად კონცერტებზე დამსწრე ადამიანების რაოდენობაც ძალიან ბევრია.
ასეთი მნიშვნელობის მქონე ობიექტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ შეკვეთილში მდებარეობს. შეკვეთილი არც „ბლექ სი არენამდე“ იყო უცნობი საზოგადოებისთვის, თუმცა ადგილობრივებსა და იქ მოღვაწე ბიზნესმენებს საკონცერტო დარბაზის გახსნის შემდეგ გაუჩნდათ განცდა, რომ უამრავი პრობლემა, რომელიც აქამდე აწუხებდა დასახლებას მოგვარდებოდა, თუმცა – უშედეგოდ!
„ბლექ სი არენას“ პირდაპირ არსებული დასახლებას, რომელსაც უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, უამრავი პრობლემა აწუხებს.
იქ მცხოვრებლები Travelingeorgia-სთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ კურორტს არც გზა, არც გარე განათება, არც სასმელი წყალი, არც საკანალიზაციო სისტემა არ აქვს, რაც დამსვენებლებსაც ძალიან აწუხებთ.
„კერძო სასტუმროები ვისაც აქვთ იქ პატარა გზის მონაკვეთში თავიანთი სახსრებით გააკეთეს. ჩვენც ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ ხოლმე გზას. სტუმარი თუ მოდის ვცდილობთ, ისეთი მდგომარეობა დახვდეთ, რომ ელემენტარულად მანქანა არ დაუზიანდეთ.
წლების ეს პრობლემები გვაწუხებს, თუმცა ჩვენი მდგომარეობა სასიკეთოდ არ იცვლება. არის დაპირებები, თუმცა უშედეგოდ“ , – აცხადებენ შეკვეთილის მცხოვრებლები.
შეკვეთილი გამორჩეული ადგილია შავიზღვისპირეთში თავის სანაპიროთი, ბუნებითა და ზღვით. ტურისტების დაინტერესებაც დიდია, თუმცა როგორც იქ არსებული სასტუმროს მეპატრონეები გვიყვებიან დამსვენებლები ასეთ პირობებს ვერ ეგუებიან.
„დამსვენებლები, ვინც წლების აქ დადიან ვეღარ ჩამოვალთ, დავიღალეთ ამ სიტუაციით გვეუბნებიან. კლებაა დამსვენებლების. არც სანაპიროა მოწესრიგებული. მართლა ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ადგილს, ასეთი სუფთა წყალი და მაგნეტიტური, სამკურნალო ქვიშა ბევრ ქვეყანასა და კურორტს არ აქვს.
ამ პრობლემებს ბოლო დროს დენის წასვლაც ემატება. იმდენად ხშირად არ არის ელექტროენერგია, რომ ტურისტებს ჰგონიათ, რომ საქართველოში ეს პრობლემა დგას“, – აცხადებენ საოჯახო სასტუმროს მფლობელები.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს შეკვეთილში ქუჩების დასახელებები არ არსებობს, შეუძლებელია კონკრეტულ სასტუმროს თუ სახლს დახმარების გარეშე მიაგნო. შესაბამისად სტუმრებიც ხშირად დანიშნულების ადგილამდე დროულად ვერ მიდიან. ამას გარდა შეკვეთილის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფისთვისაც კი რთულად უწევთ ახსნა, თუ სად უნდა მიაკითხონ პაციენტს.
„როცა სასწრაფოს ვიძახებთ გარეთ ველოდებით ვინმე, რომ სახლი მივასწავლოთ, თან ვუხსნით ამ დიდ გუბე,ს რომ გამოცდებით იქ უნდა შემოუხვიოთ-თქო. ასე ახსნაში დრო გადის, რაც შესაძლოა პაციენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს“, – აცხადებენ ადგილობრივები.
შეკვეთილში განსაკუთრებით პრობლემური წვიმიანი ამინდია. იქვე არსებული მდინარე „ნატანები“ დიდდება და ნაგავი დასახლებაში მოაქვს. მოსახლეობა ფილტრების დაყენებას, ან რაიმე ღონისძიების გატარებას ითხოვს.
შეკვეთილის მოსახლეობის პრობლემების გაგების შემდეგ Travelingeorgia ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს დაუკავშირდა.
უწყებებს ჩვენ მივმართეთ კითხვით, თუ რატომ არის წლების განმავლობაში ეს პრობლემები მოუგვარებელი და ზოგადად, როდის და რა ღონისძიებების გატარება იგეგმება, ამის მოსაგვარებლად.
რაზეც გვიპასუხეს, რომ „Black Sea Arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გასულ წელს 830 მეტრი სიგრძის ბეტონის გზა დაიგო, მოეწყო გარე განათების სისტემა და ტროტუარები, რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, მეორე ეტაპის სამუშაოებშია გაწერილი და მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტების შედგენა. გზის რეაბილიტაცია საკურორტო სეზონის დასრულების შემდეგ იგეგმება.
რაც შეეხება წყალმომარაგებას, წყლის სისტემის რეაბილიტაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია „აზია ბანკის“ დაფინანსებით ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს“.
აღნიშნულ მონაკვეთს მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე 5 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიენიჭა მიხეილ ჭანუყვაძის სახელი. მიღებულია შესაბამისი განკარგულებაც..“
იქიდან გამომდინარე, რომ საზღვაო კურორტებისთვის ზაფხული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სეზონის დასრულებამდე კი არა, მანამდე უნდა ხდებოდეს პრობლემების მოგვარება, რათა ტურიზმით მოსახლეობამ და ბიზნესმა მეტი სარგებელი მიიღოს. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ბოლო ზაფხული, როცა შეკვეთილს ამდენი პრობლემა აწუხებს!
black-sea-arena-for-115-million-people-vs-disarrayed-infrastructure-what-problems-concern-population-of-shekvetili