BLACK SEA ARENA კონცერტების გამართვისთვის 6.5 მლნ-იან შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა Black Sea Arena-ს მოთხოვნა გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით.საკონცერტო დარბაზის მიერ წარდგენილ დოკუმენტში არაა მითითებული, თუ რომელი შემსრულებლის ჩამოყვანა არის დაგეგმილი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ღონისძიებაზე “ლეგენდად ქცეული” შემსრულებლების ჰონორარი ბიუჯეტს – 4,500,000 ლარი, ხოლო ტექნიკური და სხვა სახის სამუშაოები 2,000,000 ლარი დაჯდება.
გამარტივებული შესყიდვის დასაბუთებაში მითითებულია ის, რომ არტისტები და DJ-ები ტენდერებში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული არ არიან, ამიტომ მათთან პირდაპირი კონტრაქტები უნდა დაიდოს.
“ღონისძიება გეგმად ისახავს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ტურიზმის ხელშეწყობისა და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, კონცერტების და მუსიკალური ფესტივალების ჩატარებას, შესყიდვების კანონის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეუძლებელია აღნიშნული კონცერტების და მუსიკალური ფესტივალის ჩატარება, ვინაიდან კონტრაქტი უნდა გაფორმდეს ადგილობრივი შემსრულებლებისა და მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავური მუსიკალური ჯგუფების, არტისტების და ელექტრონული მუსიკის შემსრულებლების (DJ) პროვაიდერ სააგენტოებთან. ასეთი სააგენტოები კი არ არიან დაინტერესებული ტენდერში მონაწილეობის მიღებით. ასევე ამ ყველაფერს აფერხებს ის ფაქტი, რომ უმეტესობას დაგეგმილი აქვთ ტურნე და თარიღის განსაზღვრა ხდება მათ მიერ. შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია ზემოაღნიშნული შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვა”, – წერია განმარტებით ბარათში.
Black Sea Arena “ჩექ ინ ჯორჯიას” პროექტის ფარგლებში ყიდულობს მომსახურებას. პროგრამაში შესული ცვლილებების შედეგად მისი კურატორი არა ეკონომიკის სამინისტრო, არამედ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება.
Black Sea Arena 10,000 მაყურებელზე გათვლილი დარბაზია, ის ბიძინა ივანიშვილმა $115 მილიონი დოლარის ინვესტიციით ააშენდა და შემდგომ სახელმწიფოს გადასცა, რაც ბიუჯეტს ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება. 2017 წელს დარბაზმა საქმიანობა 6.4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.
BM.GE