საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს ხელმძღვანელის ანი კავლელიშვილის განცხადებით, ამჟამად შედარებით დაბალბიუჯეტიანი ორი არტისტის ჩამოყვანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც კავლელიშვილმა "საქმის კურსს" განუცხადა, 2 ვარსკვლავისგან პასუხი უახლოეს 10 დღეში ეცოდინებათ, რის შემდეგაც საკონცერტო დარბაზი საკონცერტო გრაფიკის გამოქვეყნებას შეძლებს.
Black Sea Arena-ს ხელმძღვანელის განმარტებით, საუბარია ვარსკვლავებთან, რომელთა ჰონორარები Aerosmith-ისთვის გადაცემულ თანხას ჩამორჩება.
"ბევრად ნაკლებ ჰონორარიან 2 არტისტთან გვაქვს მოლაპარაკებები, ვიდრე იყო Aerosmith-ის შემთხვევაში. საკმაოდ ცნობადი ვარსკვლავები არიან. მოლოდინია, რომ გაავსებენ არენას. Aerosmith-ის შემთხვევაში, სეზონის გახსნა იყო და საჭირო იყო მასშტაბური და ხმაურიანი კონცერტი, რომ ჩამოსულიყო ხალხი რეგიონებიდან",- აცხადებს ანი კავლელიშვილი.
მისივე თქმით, ორივე არტისტი სხვადასხვა სეგმენტსა და გემოვნებაზე იქნება გათვლილი.
ზაფხულის განმავლობაში Black Sea Arena-ზე 10-ზე მეტი კონცერტის ჩატარება იგეგმება. როგორც საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელი ამბობს, ღონისძიებები გაიმართება ქართველი შემსრულებლების მონაწილეობითაც.
"იქნება დადგმები, სამხატვრო ნამუშევრები, თითოეული კონცერტი შეიკვრება როგორც პროექტი",- აცხადებს ანი კავლელიშვილი.
www.bm.ge