ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
BLACK SEA ARENA-ს დირექტორობა 87 აპლიკანტს სურს
08 თებერვალი, 2019

Black Sea Arena-ს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე 87 განაცხადი შევიდა. 

ამის შესახებ bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს. 

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აპლიკანტების გადარჩევა მიმდინარეობს. 

რამდენი ექნება ხელფასი Black Sea Arena-ს დირექტორს, კონკურსის პირობებში მითითებული არ იყო და ეწერა, რომ სარგო კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად განისაზღვრება. 

შეგახსენებთ, Black Sea Arena-ს დირექტორის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უკვე ყოფილი დირექტორი ანი კავლელიშვილი მთის კურორტების კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა. 

სავალდებულო მოთხოვნების ჩამონათვალშია: უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება ღონისძიებების ორგანიზებისა და მომსახურების, PR-ის, მარკეტინგის, ტურიზმის ან კულტურის სფეროებში, მენეჯერად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, ინგლისური ენის ბრწყინვალედ ცოდნა; 

ცნობისთვის: ბიძინა ივანიშვილის “ფონდ ქართუს” მიერ აშენებულმა საკონცერტო დარბაზმა Black Sea Arena-მ 2017 წელი 6.4-მილიონიანი ზარალით დაასრულა. 
შპს “ბლექ სი არენა ჯორჯია” 2016 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. 

ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნატანებში მდებარე დარბაზის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო. კომპანიის მართვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება. 

საკონცერტო დარბაზის მთავარი საქმიანობა, ჯერ-ჯერობით, მთავრობის მიერ სუბსიდირებული მრავალმილიონიანი კონცერტებისა და ღონისძიებების მასპინძლობაა. 

დარბაზის 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2017 წლის 31 დეკემბრისთვის 6.4 მილიონი ლარის ზარალი დააგროვა. 

საკონცერტო დარბაზისთვის, გასულ წელს მთავარი შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან გაღებული 11.9 მილიონი ლარის სუბსიდია იყო. 

2017 წლის მდგომარეობით, დარბაზის აქტივები 65 მილიონ ლარს შეადგენს. 

ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დარბაზის აშენებაზე $115 მილიონზე მეტი დახარჯა და ის 10,000 მაყურებელზეა გათვლილი. 

დარბაზი 2016 წლის 31 ივლისს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.