ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2018 წელს «ბლაუენშტაინ საქართველო» ყველის და რძის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს
28 აპრილი, 2017

2018 წელს კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო" ყველის და რძის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ" რაჭაში ფერმების ქსელს 2015 წლის ივნისიდან ფლობს. როგორც კომპანიის მენეჯერი თათია არაბიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, ქარხანა რაჭაში, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში აშენდება და მასში დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარი იქნება რეინვესტირებული.

როგორც არაბიძე განმარტავს, კომპანიას საკუთრებაში აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, საიდანაც აღნიშნული პროექტისთვის ერთ-ერთი შეირჩევა. მისი განცხადებით, წარმოება დაიწყება მას შემდეგ, რაც პროექტისთვის სპეციალურად მსხვილფეხა საქონლის იმ ჯიშს გამოიყვანენ, რომელიც დიდი რაოდენობით რძეს იძლევა. 

„მომავალ წელს დავიწყებთ ქარხნის მშენებლობას, მოვიძიებთ თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებს და როდესაც საქონლის რაოდენობა მოგვცემს საშუალებას, წარმოებას მაშინ დავიწყებთ. აღნიშნული პროექტისთვის ახალი ჯიშის საქონელი გამოგვყვავს, რომლისგანაც ბევრად მეტი რძის მიღება იქნება შესაძლებელი"-აცხადებს არაბიძე.

შეგახსენებთ, რაჭაში პროექტის დაწყება და მის ფარგლებში ფერმების ქსელის შექმნა „ბლაუენშტაინ საქართველოს" დირექტორმა როსტომ კერვალიშვილმა 2016 წლის აპრილში დააანონსა. მაშინ კერვალიშვილი აცხადებდა, რომ რაჭაში მცხოვრებ მოსახლეობას, ვისაც აქვს დასაქმების სურვილი, კომპანია ამის საშუალებას მისცემდა.

„ფერმერებს, ვისაც აქვს 60 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ან საკუთრებაში ან იჯარით, შეუძლიათ მოგვმართონ, ჩვენ მათ ბანკიდანსესხის აღებაში დავეხმარებით. ამ სესხით ეს მეწარმეები ფერმებს ააშენებენ, სადაც „ბლაუენშტაინ საქართველოს" მიერ ჩამოყვანილ პირუტყვს გაზრდიან. ამაში ჩვენ მათ ხელფასს გადავუხდით. საქონელი კი ჩვენი საკუთრება იქნება"-აცხადებდა კერვალიშვილი.

კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო" 2009 წელს  ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით დაფუძნდა და რაჭაში, სოფელ შარდომეთში 18 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.