"ბლექ სი არენა“ და ჯგუფი The Killers 15 აგვისტოს გამართულ კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
"გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია“, – ნათქვამია „ბლექ სი არენას“ განცხადებაში.
რაც შეეხება The Killers-ის პოზიციას, ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ უნდოდათ ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს იხდიან.
"კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია, ამოვიპატიჟოთ სცენაზე მსმენელი დრამზე დასაკვრელად და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხი დადებითად იყო განწყობილი იმის მიმართ, რომ სცენაზე ერთ-ერთი მაყურებელი ამოვიდა და ჩვენთან ერთად გამოვიდა სცენაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ The Killers-ის მსმენელები და გულშემატკივრები არიან დები და ძმები, შეიძლება, არასწორად იყოს გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვდგავართ თქვენთან და ვიმედოვნებთ, რომ მალე კიდევ დავბრუნდებით“, – ნათქვამია ჯგუფის The Killers განცხადებაში.
15 აგვისტოს „ბლექ სი არენას“ სცენაზე, ჯგუფის The Killers კონცერტზე ჯგუფის წევრებმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანეს, რასაც კონცერტზე დამსწრე მაყურებლების უკმაყოფილება მოჰყვა.
business-partner.ge