Boeing 737 MAX 8-ის ფრენებზე უარს საქართველოც ამბობს – “პოლონეთის ავიახაზებმა“ ხუთი თვითმფრინავი გააჩერა
Boeing 737 MAX 8-ის ფრენებზე უარს საქართველოც ამბობს. ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე დაადასტურა. მანამდე კომერსანტი დაუკავშირდა იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და გაარკვია.
ერთ-ერთი ავიაკომპანია, რომელიც Boeing 737 MAX 8 თვითმფრინავებს ფლობს პოლონეთის ავიახაზებია. ავიაკომპანიის დირექტორი გიორგი ლიპარტიანის თქმით, პოლონეთის ავიახაზებს ხუთი Boeing 737 MAX 8 ჰყავს და ხუთივე გაჩერებულია.
„ოფიციალური დასკვნა, როდესაც დაიდება, თვითმფრინავების შემდგომი ექსპლუატაციის შესახებ, ამის შემდეგომ მიიღებს ავიაკომპანია გადაწყვეტილებას ისევ აღდგეს ფრენები ცალი Boeing 737 MAX 8 თვითმფრინავებით თუ არა“, – აცხადებს გიორგი ლიპარტიანი.
Boeing 737 MAX 8 სერიის თვითმფრინავებს ფლობს ავიაკომპანია „Flydubai“. კომერსანტი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მიეღო ინფორმაცია საქართველოში „Flydubai“ – ის გენერალური დისტრიბუტორისგან, თუმცა კომპანია „ვოიაჟერ“-ისგან ამ დრომდე ვერ მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, დაფრინავენ თუ არა საქართველოში Boeing 737 MAX 8 სერიის თვითმფრინავები.
კიდევ ერთი საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს Qatar Airways-ია. დღეს კომპანიაში კომერსანტს განუცხადეს, რომ Boeing 737 MAX 8 სერიის თვითმფრინავებით საქართველოში ფრენებს არ ახორციელებენ. იდენტური პასუხი გაგვცეს turkish airlines- შიც. ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ turkish airlines -მა მსოფლიოს მასშტაბით Boeing 737 MAX 8- ს გამოყენება შეაჩერა.
აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც გაავრცელა. განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ.
„მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) დროებით შეაჩერა „ბოინგ 737-8 მაქსისა“ და „737-9 მაქსის“ ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში. გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 13 მარტიდან.
სააგენტო თვალყურს ადევნებს ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გამოშვებულ უსაფრთხოების მითითებებს და დირექტივებს. „ბოინგ 737 მაქსის“ ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.
აქვე, ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში „ბოინგ 737 მაქსის“ ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება. დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სახელმწიფოებმა 10 მარტს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ ბოინგ „737 მაქს 8“-სთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, ნიდერლანდების და საფრანგეთის მთავრობებმა მიიღეს.
ევროპული სახელმწიფოების გადაწყვეტილების მიზანი მგზავრების უსაფრთხოებაა. როგორც გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი უნდა დადგინდეს და გაირკვეს, რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული ტიპის ბოინგის ექსპლუატაციაში ყოფნა.
თავის მხრივ, ბრიტანულ-გერმანული ავიაკომპანია „თუიფლაიმ“ ბოინგ 737 მაქს 8-ს დროებით არ გამოიყენებს. მანამდე იგივე ზომები მიიღეს ეთიოპიის ავიახაზებმა, ასევე „აერომეხიკომ“, ნორვეგიის და თურქეთის ავიახაზებმა.
ეთიოპიის ავიახაზების ბოინგ 737 მაქს 8-მა ავიაკატასტროფა 10 მარტს განიცადა. სამგზავრო თვითმფრინავი ადის-აბება – ნაირობის რეისს ახორციელებდა და ეთიოპიის დედაქალაქის დატოვებიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფას ყველა მათგანი ემსხვერპლა.
commersant.ge