ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბოლნისის მუზეუმის გახსნით ხელისუფლებამ და RMG Gold-მა, ფაქტობრივად, საყდრისში ჩადენილი დანაშაული აღიარა
20 მარტი, 2019

სულ  მალე ხუთი წელი შესრულდება, რაც 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია “RMG-Gold”-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო ააფეთქა.

არაერთი საპროტესტო აქციის, საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობისა და სამოქალაქო სექტორის აქტივობის შედეგად კი რამდენიმე თვეში ახალი სამუზეუმო სივრცე – ბოლნისის მუზეუმი გაიხსნება. აქ საყდრისის აფეთქების შედეგად გადარჩენილი არტეფაქტები გამოიფინება და როგორც დარგის სპეციალისტები პროგნოზირებენ, მთლიანი სივრცე თავისი დაგეგმარებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ერთ-ერთი გამორჩეული იქნება. თუმცა გარდა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი დატვირთვისა, მუზეუმს პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.

საყდრისის კომიტეტის წევრისა და ჟურნალისტის ნინო ბურჭულაძის თქმით, ბოლნისის მუზეუმის გახსნა პირდაპირ მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ  ხელისუფლებამ  და საქართველოში ოქროსა და სპილენძის მომპოვებელმა “RMG-Gold”-მა ჩადენილი დანაშაული აღიარა:

„თავის დროზე საყდრისის ძეგლის დანგრევა ხელისუფლებამ “RMG-Gold”-ს იმ უფლებით მისცა, რომ ობიექტს არ ჰქონდა მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და რომ  ვითომ, ეს არ იყო ოქროს მაღარო. თუმცა რადგან უკვე არსებობს ბოლნისის მუზეუმი, სადაც საყრდისი უნდა გამოიფინოს როგორც უძველესი ოქროს მაღარო მსოფლიოში, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ  ხელისუფლება აღიარებს საყდრისის კულტურულ სტატუსს და რომ ძეგლთან მიმართებაში  დანაშაული ჩაიდინეს. ორივე მხარე სულ ამბობდა, რომ საყდრისი არ იყო ძეგლი და ამიტომ სულ წინააღმდეგები იყვნენ მუზეუმი აშენებულიყო“.

                                    

მუზეუმზე ფიქრი სამოქალაქო სექტორმა მას შემდეგ დაიწყი, რედესაც 2015 წლის მაისში ძეგლი სრულად განადგურდა:

„რადგან ძეგლი სრულად განადგურდა, გადარჩენილი ექსპონატებიც რომ არ დაკარგულიყო და დავიწყებას არ მისცემოდა, ამიტომ დავიწყეთ ბრძოლა მუზეუმის გახსნისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში  “RMG-Gold”-ის მხრიდან სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა და ეჭვს გვიჩენდა, საერთოდ არ აპირებდა პროექტის განხორციელებას. შესაბამისად, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ დღევანდელი შედეგი დამდგარიყო და ფაქტობრივად ვაიძულეთ კომპანია რომ მუზეუმი აეშენებინა“.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ბოლნისის მუზეუმისთვის თავის დროზე საქართველოში ოქროსა და სპილენძის მომპოვებელმა კომპანია “RMG-Gold”-მა  5 მლნ. ლარი გამოყო, თუმცა საბოლოოდ პროექტი 7 მლნ. ლარი დაჯდა. სივრცის მოწყობის შესაბამისი კონცეფცია რამდენიმე კვირაში ბოლნისის მუნიციპალიტეტს უნდა გადაეცეს და უკვე შემდგომ ეტაპზე პროცესებში ეროვნული მუზეუმიც ჩაერთვება. სწორედ ამ უკანასკნელს დაექვემდებარება საბოლოოდ ახალი საგამოფენო სივრცე.

„დიდი ბრძოლის შედეგად საკმაოდ ამბიციური ჩანაფიქრი განხორციელდა. ქვემო ქართლის რეგიონისთვის ეს იქნება დიდი საგანმანათლებლო არეალი, სადაც მოეწყობა ბიბლიოთეკა, კინოდარბაზი;  გამოიფინება საყდრისის ექსპოზიცია და ასევე ბოლნისის ძველ მუზეუმში არსებული ნიმუშებიც. გეტყვით იმასაც, რომ ამ მუზეუმში დამთვალიერებელი იხილავს იმ მაღაროელის უძველეს სამარხსაც, რომელიც საყდრისში აღმოაჩინეს და ზოგადად შეიქმნა საყდრისის საბადოს 3D მოდელი, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო ნათლად დავინახოთ მთელი სიმდიდრე. საერთოდ, მუზეუმში ისეთი კონსტრუქციაა შექმნილი, რომ ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში“.

ბოლნისის მუზეუმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ დავუკავშირდით ეროვნულ მუზეუმსაც.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით,  მუზეუმის არქიტექტურული პროექტის ავტორი გაგა კიკნაძეა. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა კი ფრანგ დიზაინერთან ლინა ლოპესთან ერთად იმუშავა მუზეოგრაფიის პროექტზე. ექსპოზიციის სამეცნიერო კონცეფციის კურატორები არიან როგორც ქართველი, ასევე გერმანელი მეცნიერები.

ცნობილია, რომ ბოლნისის მუზეუმის მუდმივმოქმედ გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მდიდარი მასალა მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი არქეოლოგიური ძეგლებიდან როგორებიცაა დმანისი და არუხლო. გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს  შუა საუკუნეების ძეგლებსაც, ქართული დამწერლობის ადრეულ ნიმუშს და ბოლნისში მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოსახლებულ გერმანელთა (ე.წ. კოლონისტების) ყოფა-ცხოვრების ამსახველ მასალას.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.