ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში, ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიებას სლოგანი - „ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ აერთიანებდა.
ორგანიზატორთა განცხადებით, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდა. დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან უპირატესად წარმოაჩენს. ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა იყო.
ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 70-მდე მარნის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი, რომელიც ადგილობრივი და ამერიკელი ღვინის ექსპერტებისა და სომელიეებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა.
ფესტივალის დასკვნით ნაწილში საზეიმოდ გამოვლინდა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ღვინოები.
ამავე დღეს, ძველ გერმანულ უბანში ქართულ-გერმანული ღვინის სახლი გაიხსნა, რომელიც ექსკლუზიურად ბოლნისური ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე იქნება. საუკუნოვანი გერმანული სახლი ბოლნისში, წისქვილის ქ. #8-ში მდებარეობს და მისი სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია კომპანია არემჯის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ ჩართულობით განხორციელდა.
„დღეს გავხსენით ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომლის სარდაფშიც მდებარეობს ძველი გერმანული მარანი. ამ სახლში ადგილობრივ მეღვინეებს შეეძლებათ წარმოადგინონ თავიანთი ღვინოები, სტუმრებს კი - ღვინოების დეგუსტაციის და შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. სახლის მეორე სართულზე იქნება სატრენინგო ოთახი და ბიბლიოთეკა, ხოლო მანსარდაში - მცირე საგამოფენო სივრცე. ამასთან, სახლის ეზო გვაძლევს კარგ შესაძლებლობას ვუმასპინძლოთ ღვინის თუ სხვა მსგავს ღონისძიებებს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პლატფორმა გააძლიერებს ბოლნისურ მეღვინეობას.“ - კახაბერ მჭედლიშვილი, არემჯის კორპორაციული დირექტორი.
ფესტივალის ფარგლებში ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში სომელიეს მასტერკლასი, ლიზა გრანიკის ქართული ღვინის შესახებ გამოცემული წიგნის განხილვა და ღვინის სამაგიდო თამაშები გაიმართა.
ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33ა-ს კონცერტით დაიხურა.
არემჯის ბოლნისური მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლნისი უკვე მესამე წელია მასპინძლობს ღვინის ღონისძიებებს, რომელიც წელს ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალის სახელით ჩატარდა.
„საქართველოში პირველად ჩატარდა დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი და ეს არის დიდი სტიმული მეღვინეებისთვის, რადგან ადგილწარმოშობა ღვინის მნიშვნელოვანი ნიშაა. ამ ფესტივალზე ჩვენი შეკრების მიზანი არის ის, რომ კარგად გავაცნოთ საზოგადოებას ჩვენი რეგიონი, ბოლნისი, ჩვენი ღვინოები და შევთავაზოთ მათ საუკეთესო ხარისხის ღვინო. ამ ჯილდოს მოპოვება ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერებაა. ეს არის დიდი შრომის შედეგი და დაფასება ჟიურის წევრებისგან“, - განაცხადა მეღვინეობის „მუხიგული 1770“ წარმომადგენელმა, იოსებ მუხიგულაშვილმა.
ფესტივალის წარმდგენი იყო არემჯი. ფესტივალის მხარდამჭერები: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის აგროცენტრი, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქპატენტი.
imedinews.ge