ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბოლნისში ჭაპალას ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
02 მაისი, 2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალაში მდებარე ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ციხე კლდის თხემზეა აგებული. ნაგებია დუღაბზე სხვადასხვა ტიპის ნატეხი ქვისა და აგურის მონაცვლეობით. შედგება ორი ნაწილისგან: ქვედა ციხე და ციტადელი.

ქვედა ციხე კლდის თხემზე ოთხივე მხრიდან გალავნისა და მასზე მიდგმული ნახევარწრიული ბურჯებით შემოზღუდული სივრცეა. სამხრეთით კუთხეებში წრიული კოშკებია ჩართული. რელიეფის მიხედვით ზოგგან კედლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს.

ბურჯების ერთი ნაწილი პირდაპირ კლოვან ქანზეა დასმული, რაც მათ სიმყარეს კიდევ უფრო ზრდიდა. ქვედა ციხის ეზოში კლდეში გამოკვეთილი კიბეები და წყლის რეზერვუარებია. სამხრეთ-დასავლეთის კოშკთან რამდენიმე ნაწილიანი რთული შენობა მდგარა, ის ახლა მხოლოდ კონტურის დონეზე იკითხება. ამ ნაგებობაში ჩართულია აბანო. ის ასევე ქვითა და აგურითაა ნაგები. აბანო წახნაგოვანია. წახნაგებში აბსიდებია გაკეთებული. მათი იატაკი კირხსნარზე აგურითაა ნაწყობი.

აბსიდების ქვეშ აგურის ქვაბულებია მოწყობილი. ერთ წახნაგში აბსიდის ქვეშ შეისრული თაღია გაკეთებული. შუა ნაწილი ჩავარდნილია, როგორც ჩანს, აქ ჰიპოკაუსტი უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთ წახნაგში შემორჩენილია კონქისებურად დასრულებული კედელი, რომელიც მეორე წახნაგის კონქს ტრომპის საშუალებით უკავშირდებოდა. აბანოში შედიოდა თიხის მილები. ქვედა ციხის ეზოში, გათხრების შედეგად გამოვლინდა მიწაში სანახევროდ ჩამჯდარი სწორკუთხა, თაღოვანი ნაგებობა. ის ქვითაა ნაგები, შეისრული კამარა კი აგურითაა გადაყვანილი. ჩრდილოეთის კედლის ქვედა ნაწილში თიხის მილია დატანებული. ნაგებობა წყლის რეზერვუარადაა მიჩნეული. მის გასწვრივ მოწყობილი ყოფილა სათონე და მარანი. აკროპოლისი ქვედა ციხის ჩრდილოეთ ნაწილში, უფრო შემაღლებულ კლდეზეა აგებული. ტერასობრივია. პირველ ტერასაზე ასასვლელად საფეხურები კლდეში ისეა გამოჭრილი, რომ შორიდან საერთოდ არ აღიქმება. ქვედა ტერასაზე მოხვედრა ციხეში ასასვლელი ვიწრო კარითაა შესაძლებელი, რომლის ერთ მხარეს ნახევარწრიული ბურჯია. ბურჯი ქვედა ციხის მხარესაა მიმართული და მასში ორმაგი სათოფურებია გაჭრილი. აკროპოლისში შესასვლელი კარები ისე მოხერხებულადაა მოწყობილი, რომ შეღწეული მტერი ზემოდან სასროლ არეში ხვდებოდა. კარის თავზე, მეორე ტერასაზე კიდევ ერთი საბრძოლო კოშკია. ამ კოშკიდან კლდის ძირში ვიწრო ბილიკია გაჭრილი სულ ზედა, მესამე ტერასაზე ასასვლელად. აქ სასიგნალო კოშკია აშენებული.

გვიანი შუა საუკუნეების წყაროებში მოხსენიებულ ჭაპალას (იგივე ქოჩულოს) ციხეს მეცნიერთა ნაწილი აიგივებს განვითარებული შუა საუკუნეების ქავაზიანთან, ნ. ბერძენიშვილის მოსაზრებით, აქვე უნდა ყოფილიყო გაჩიან-ცურტავიც - ქართლის პიტიახშის რეზიდენცია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.