ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბოლნისური ღვინოები განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით
15 მაისი, 2018

მთაწმინდის პარკში, საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით გამართულ, რიგით მე-9 ახალი ღვინის ფესტივალზე, 13 ბოლნისური საოჯახო მარანი 26 სახეობის ღვინით წარსდგა.

განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით, არომატებითა და ხარისხით გამორჩეული ბოლნისური ღვინოები ძველი ქართული ტრადიციული წესით ქვევრშია დაყენებული. ბოლნისური ღვინოების უპირატესობებზე პროფესიონალმა მეღვინეებმა, მოყვარულებმა და ტურისტებმა აღნიშნეს და სხვადასხვა სახეობის ღვინოები დააგემოვნეს.

„ფესტივალის იდეა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი ყოფილიყო რეგიონიდან იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რეგიონში იყო განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა. სამწუხაროდ საბჭოთა პერიოში ბევრგან მივიწყებას მიეცა ეს ტექნოლოგიები.
 

ბოლნისი განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი მხრიდან იმიტომ რომ ეს ისტორიული მხარე არის საინტერესო არამარტო თავისი ისტორიული ძეგლებით, არამედ მეღვინეობით. სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ფესტივალზე იზრდება ბოლნისური ღვინოების რიცხვი, მონაწილეთა რაოდენობა და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მათ განვითარებაში“,- განაცხადა ფესტივალის დირექტორმა იაგო ბიტარიშვილმა.

მთაწმინდის პარკში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2017 წლის მოსავლის ღვინოები დაეგემოვნებინათ და შეეძინათ. სულ წარმოდგენილი იყო 81 ღვინის კომპანია და 131 მცირე საოჯახო მარანი. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები აღნიშნავენ, ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.