„ბორჯომი – სამუზეუმო ქალაქი“ პროექტის განხორციელება დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ დაანონსებული პროექტიდან, რომელიც ქალაქში 5 მუზეუმის მოწყობას გულისხმობს, მომავალ წელს ბორჯომს გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ექნება.
მისი ინფორმაციით,კოსტავას სახელობის ბაღში, ე.წ კავალერიის შენობის რეაბილიტაციას მუნიციპალური ფონდი აფინანსებს და ამ დროისთვის მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერია გამოცხადებული.
მუნიციპალური განვითარების ფონდში კი განმარტავენ, რომ კავალერიის შენობი რეაბილიტაციაზე დაალოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. სატენდერო განაცხადების მიღება 17 ივნისამდეა შესაძლებელი.
ყოფილი „ბორჯომის კავალერიის შენობა“, 1880 წელს პარკის პარალელურად აშენდა. შენობა გამორჩეულია მისი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებებით და ორგანულად ერგება ისტორიულ არეალს – მერაბ კოსტავას პარკს (ყოფილი „რემერტის პარკი“). შენობა წარმოადგენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავ ძეგლს.
სარეაბილიტაციო შენობას აქვს ორი სართული და მანსარდა, პირველ სართულზე განთავსდება მუზეუმის მისაღები, სუვენირებისა და წიგნების მაღაზიას (57.38 მ2 ), სარეკრეაციო ზონა (55.88 მ 2 ), მათ შორის პატარა კაფისა და დროებითი საგამოფენო დარბაზი (44.12 მ2 ),მუზეუმის ადმინისტრაცია (18.58 მ2 ),მუზეუმის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახი (17.32 მ2 ) და დაცვის სამსახურის ოთახი (11.70 მ2 ).
მეორე სართულზე, იქნება მუდმივი საგამოფენო დარბაზი (69.15 მ2 ), საწყობი ტერიტორია (30.48 მ2 ), საპრეზენტაციო დარბაზი (22.01 მ2 ), პერსონალის ოფისი (11.89 მ 2 ), საპირფარეშო (4.80 მ2 ). საგანმანათლებლო სივრცე, ბიბლიოთეკა, მედია ბიბლიოთეკა და საპირფარეშო განთავსდება მესამე სართულზე. შენობის ჩრდილოდასავლეთით მოეწყობა ახალი ლიფტი შშმ პირებისთვის.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ფინანსური ინვესტიციის შეთანხმების მიხედვით, მუზეუმის მოვლაზე სააგენტო იქნება პასუხისმგებელი.
„ბორჯომის კავალერიის შენობის რესტავრაცია და მუზეუმად ადაპტაცია“ ითვალისწინებს შემდეგი სამუშაოების განხორციელებას: -შენობის დეკორატიული ხის აივნების და დეკორატიული ელემენტების რეაბილიტაცია; შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა ნაგვის, ნარჩენებისა და ჩახერგულობისაგან; შენობის კედლებზე ბოლო დროს გაკეთებული წარწერების ხელით მოშორება; კარებსა და ფანჯრებზე წარმოდგენილი დეკორატიული აგურის საუკეთესო ფრაგმენტების აღდგენა/რეაბილიტაცია;ფასადურ კედლებზე ბზარების შევსება ქვიშა-ცემენტის ნარევით;მასიური, ბაზალტის ქვისგან დამზადებული საფეხურებით, შენობაში შესასვლელი კიბეების აღდგენა/რეაბილიტაცია; ფასადის საპირე წყობის ბაზალტის ქვების შენარჩუნება და გამაგრება – ახალი ხის კარებისა და ფანჯრების დაყენება და სხვა.
როგორც ცნობილია, გასულ წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაანონსა, რომ ბორჯომი სამუზეუმო ქალაქი უნდა გახდეს.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტი „ბორჯომი – სამუზეუმო ქალაქი“ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ხუთი უნიკალური ისტორიული შენობის რეაბილიტაციას, ერთი საიტი-ატრაქციის შექმნასა და ერთიან სამუზეუმო კონცეფციაში მოქცევას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით ბორჯომში ხუთი მუზეუმი იმუშავებს:ახალი კავალერიის კორპუსში – გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი;რომანოვების ყოფილ კანცელარიაში – ბორჯომის მხარის ისტორიის მუზეუმი;მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში – ინდუსტრიული მემკვიდრეობის მუზეუმი;ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანაში – ბორჯომის მინერალური წყლის ისტორიის მუზეუმი;ლიკანის სასახლეში – სასახლე-მუზეუმი და მრავალფუნქციური კომპლექსი;
ასევე,მოეწყობა საიტი-ატრაქცია. ღია ცის ქვეშ “პირველი რკინიგზა”, რომელიც პირველი ორთქმავლისა და ცემი-ბაკურიანის ეიფელის სარკინიგზო ხიდის გამოყენებით იქნება შექმნილი.
Commersant.ge