ბორჯომში გასართობი ობიექტების ნაკლებობაა – როდის გახდება ბორჯომი სამუზეუმო ქალაქი?
მთის კურორტმა, რომელმაც 2018 წელს დაახლოებით 228 000 ტურისტი მიიღო ზაფხულის სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ვარაუდობენ, რომ 2019 წლის ზაფხულში შარშანდელი რაოდენობრივი მონაცემი გაუმჯობესდება და ბორჯომი წელს განახლებული ინფრასტრუქტურით, გაცილებით მეტ ტურისტს უმასპინძლებს.
როგორც აღმოჩნდა, პრობლემა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყოველი სეზონის მოახლოებისას აქტიურდებოდა, წელსაც მოუგვარებელია. საუბარია, გასართობი ობიექტების სიმცირეზე, რაც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს.
საჯახო სასტუმრო „დალკოს“ ხელმძღვანელი მაყვალა გიორგაძე აცხადებს, რომ ზაფხულის საკურორტო სეზონი უკვე დაიწყო. დამსვენებლები ამ დროისთვის არ არიან, თუმცა, გასული წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ დამსვენებლების უმეტესი ნაწილი წელსაც უცხოელები იქნებიან. შარშან ტურისტები ძირითადა იყვნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, ასევე არაბული ქვეყნებიდანაც. გიორგაძე აცხადებს, რომ წელს ბორჯომში იმაზე კარგი სიტუაციაა ვიდრე გასულ წლებში. კერძოდ, მოგვარებულია სასმელი წყლის პრობლემა, რეაბილიტირდა გზებიც.
„ტურისტები, განსაკუთრებით კი უცხოელები მაღალ ხარისხს ითხოვენ და ფულს კი მინიმალურს იხდიან. Booking.com-ის ვებ გვერდზე შემდეგ არასახარბიელო კომენტარებს წერენ, რაც ჩვენზე საკმაოდ ცუდად ისახება. იმიჯისთვის ეს ცუდია. იმ საიტზე კი ჩვენ პასუხის გაცემის საშუალება არ გვაქვს,“ — აღნიშნავს მაყვალა გიორგაძე.
მისი თქმით, ბორჯომში გასართობი ინფრასტრუქტურა ძირითადად საბავშვო ატრაქციონებით, კინოთეატრით და და კაფეებით შემოიფარგლება. რაც შეეხება კლუბებს და სხვა გასართობ ცენტრებს, მისი ინფორმაციით, ამ კუთხით ბორჯომში სერიოზული დეფიციტია.
რა მდგომარეობაა წელს ბორჯომში, მიდის თუ არა გასართობი ინფრასტრუქტურის შექმნა და როგორც ხვდება რეგიონი ზაფხულის საკურორტო სეზონს?
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სრულად მოგვარებულია სასმელი წყლის პრობლემა, მოწყობილია საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, ტროტუარებიც. დარჩენილია საკმაოდ მცირე სამუშოები,რომელიც ივნისის 20-მდე დასრულდება.
როგორც ბერიძე განმარტავს, ბორჯომი ტურისტების მისაღებად მზადაა. რაც შეეხება გასართობ ობიქტებს, ქალაქის მასშტაბით იწყება რამდენიმე სკვერის და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, თუმცა, გასართობი ობიექტების მოწყობა კერძო სექტორის პრეროგატივაა.
„ჩვენგან კერძო ბიზნესს საკმარისი ხელშეწყობა აქვს. მუნიციპალიტეტი მზად არის, ქალაქის მასშტაბით რაც შეიძლება მეტი გასართობი ატრაქცია შეიქმნას,“-აცხადებს ბერიძე.
მისი განმარტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 2018 წლის შემოდგომაზე სპეციალური ტექნიკა შეისყიდა, რომელიც ზაფხულის საკურორტო სეზონზე აქტიურად იმუშაევბს. აღნიშნული ავტომრეცხავი მანქანის მეშვეობით მოხდება ტერიტორიების მორწყვა და გაგრილება.
რაც შეეხება დაანონსებულ პროექტს, რომელიც ქალაქში 5 მუზეუმის მოწყობას გულისხმობს, აქტიურად განიხილება. ბერიძის განმარტებით, მომავალი წლისთვის ბორჯომს უკვე გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ექნება. მისი ინფორმაციით, კოსტავას სახელობის ბაღში, ე.წ კავალერიის შენობის რეაბილიტაციას მუნიციპალური ფონდი აფინანსებს და ამ დროისთვის მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერია გამოცხადებული.
როგორც ცნობილია, გასულ წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაანონსა, რომ ბორჯომი სამუზეუმო ქალაქი უნდა გახდეს.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტი „ბორჯომი – სამუზეუმო ქალაქი“ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ხუთი უნიკალური ისტორიული შენობის რეაბილიტაციას, ერთი საიტი-ატრაქციის შექმნასა და ერთიან სამუზეუმო კონცეფციაში მოქცევას გულისხმობს.
პროექტის მიხედვით ბორჯომში ხუთი მუზეუმი იმუშავებს: ახალი კავალერიის კორპუსში – გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი; რომანოვების ყოფილ კანცელარიაში – ბორჯომის მხარის ისტორიის მუზეუმი; მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში – ინდუსტრიული მემკვიდრეობის მუზეუმი; ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანაში – ბორჯომის მინერალური წყლის ისტორიის მუზეუმი;ლიკანის სასახლეში – სასახლე-მუზეუმი და მრავალფუნქციური კომპლექსი.
ასევე, მოეწყობა საიტი-ატრაქცია. ღია ცის ქვეშ “პირველი რკინიგზა”, რომელიც პირველი ორთქმავლისა და ცემი-ბაკურიანის ეიფელის სარკინიგზო ხიდის გამოყენებით იქნება შექმნილი.
ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ოთარ ჩუხრუკიძეაცხადებს, რომ წელს ბორჯომი ტურისტებს მომზადებული ხვდება. მისი განმარტებით, საკმაოდ მნიშვნელოვანია და არსებობს საჭიროება იმისი, რომ რეგიონს გადამზადებული გიდები ჰყავდეს.
კითხვაზე, თუ დგას გიდების გადამზადების აუცილებლობა, მაშინ რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები, ჩუხრუკიძე განმარტავს, რომ კარგი იქნება, თუ იარსებებს სპეციალური სტატეგიული/პროგრამა,რომლის ფარგლებშიც გიდები გადამზადდებიან. ეს შეიძლება გაკეთდეს მუნიციპალურ, არსამთავრობო თუ კერძო სექტორის დონეზე.
ჩუხრუკიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მას ეს პრობლემა დაფიქსირებული აქვს, თუმცა, ამას ყველაფერს ორგანიზება, თანხები და კომპლექსური მიდგომა სჭირდება.
Commersant.ge