ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბორჯომ-ბაკურიანის ბრენდული სასტუმროები უკვე დატვირთულია – "დამსვენებლების დიდი ნაწილი ქართველები არიან"
17 ივნისი, 2017

ბორჯომ-ბაკურიანის ბრენდულ სასტუმროებში ტურისტული ნაკადის აქტივობა უკვე ფიქსირდება. სასტუმროების წარმომადგენლები "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებენ, რომ დამსვენებლები უკვე ჰყავთ.

ბორჯომში მდებარე სასტუმრო „ქროუნ პლაზა ბორჯომის" გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი ქეთევან ნადარეიშვილი აცხადებს, რომ სასტუმრო წელიწადის ოთხივე სეზონზე დატვირთულია. სტუმრების ძირითად ნაწილს ქართველები წარმოადგენენ, თუმცა, სტუმრები არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან და ასევე ევროპის ქვეყნებიდან.

ნადარეიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის სასტუმროს დატვირთვა 70 პროცენტს აღემატება. „გასულ წელთან შედარებით ზრდაა, რადგან შარშან 6 თვის გახსნილი იყო სასტუმრო"-აცხადებს ნადარეიშვილი.

ტურისტების აქტივობაზე საუბრობს ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „მგზავრების" გაყიდვების ხელმძღვანელი მადლენა მანუხაჩიანი. მისი თქმით, ამ დროისთვის სასტუმრო დატვირთულია, თუმცა, იმედოვნებს, რომ ზაფხულის სეზონზე ბევრად დიდი მოთხოვნა იქნება. „ზაფხულში უფრო მაღალი აქტივობა იქნება ალბათ, რადგან წელს წინა წლებთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა გაიზარდა"-აცხადებს მანუხაჩიანი.

მისი განცხადებით,ტურისტები არიან ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან, თუმცა, დამსვენებლების უდიდესი ნაწილი ქართველები არიან.

შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზაფხულის სეზონისთვის მზადება დაახლოებით ორი თვეა დაიწყო. ზაფხულის ტურისტული სეზონი კი ოფიციალურად აჭარაში 9 ივნისს, მესტიაში კი 10 გაიხსნა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისთვის მარკეტინგულ კამპანიას 14 ქვეყანაში ახორციელებს, რისთვისაც ჯამში 7.5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.