კამპანია “აღადგინეს” ფარგლებში მონაწილეობა 150-მდე კომპანიამ და 5,000-მდე ფიზიკურმა პირმა მიიღო.
კამპანიის ანგარიშის მიხედვით, ამ ეტაპზე, კამპანიის ფარგლებში დარგულია 45 263 ხე.
კამპანიის ორგანიზატორია “ბია” და ხორციელდება სტარტაპ “თრიფექსის” ტექნოლოგიური უზრუნველყოფით.
ჩატარებული სამუშაოების ანგარიში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართა. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენის პროცესში. მონაწილე კომპანიებს გადაეცათ მადლობის სერტიფიკატი ტყის აღდგენისთვის.
ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ კამპანია “აღადგინე” 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
„მთავარი მიზანი მიღწეულია, ჩვენ ბევრ კომპანიას და ადამიანს დავანახეთ ბორჯომის ტყეში არსებული ეკოლოგიური პრობლემა და გავუღვიძეთ სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. აღმოჩნდა, რომ ქართული კომპანიების დიდი ნაწილი ზრუნავს ბუნებასა და ეკოლოგიაზე. გარდა ამისა, კამპანიას ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა საზოგადოების მხრიდან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ კამპანია კიდევ ერთი თვით გავახანგრძლივოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ხე დაირგოს ბორჯომის ტყეში“ – განაცხადა კომპანია „ბიას“ დირექტორის მოადგილემ, სალომე კუკავამ.
კამპანია „აღადგინე ბორჯომის ტყე“ 25 აპრილს დაიწყო. სექტემბერში ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე საშემოდგომო დარგვები განახლდება. კამპანიის მიზანია ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2008 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებული 250–მდე ჰექტარი ტყის საფარის აღდგენა.
ხის დარგვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვებგვერდზე – აღადგინე.გე.
www.bpi.ge