ბორჯომში, სოფელ დაბასთან ცეცხლის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. ადგილზე მობლიზებულია რამდენიმე ასეული მეხანძრე. ამ ეტაპზე ადგილზე მუშაობს საჰაერო და სხვა სპეც ტექნიკა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ქართული და აზერბაიჯანული ვერტმფრენები, დღეს საქართველო თურქეთიდან საჰაერო დახმარებასაც ელოდება.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ ტრაქტორები და ბულდოზერები, რომლებმაც გზები გაჭრეს და ხანძრის გავრცელების არეალი შეამცირეს. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.
როგორც რეგიონული განვითარების მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე ხანძრის ორი კერა რჩება. მისი თქმით, ცოცხალი ძალა ადგილზეა და დღის განმავლობაში საქართველო თურქეთისგან ორ ვერტმფრენსაც ელოდება.
პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქარის გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა თურქეთიდან ვერტმფრენების მოფრენა, რომლებიც მოგვიანებით შეუერთდებიან ქართველ კოლეგებს. მისი თქმით, ხანძრის გავრცელების საშიშროება ისევ არსებობს, თუ ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხდა იმ ადგილზე,მ სადაც თავდაპირველად გაჩნდა ცეცხლი.
მთელი ღამის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯომის ხეობაში იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას და მაშველებს შეხვდა. გამთენიისას ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების სრული დატვირთვით განახლებას, პრემიერ-მინისტრი ადგილზე ადევნებს თვალყურს.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი. ბორჯომში რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.
ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სახანძრო სამსახურების ხელმძღვანელები.
www.bm.ge