ტოკიოში მიმდინარე გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო” ფარგლებში ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ქართული ღვინის სემინარი „რატომ არის ქართული ღვინო მნიშვნელოვანი” გამართა.
ენდრიუ ჯეფორდმა ქართული ღვინის მნიშვნელობაზე, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებსა და საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ ჯიშებზე ისაუბრა. ინგლისელმა მწერალმა ყურადღება ქართული ღვინის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ენდრიუ ჯეფორდმა აღნიშნა, რომ საქართველომ შემოიტანა ახალი კატეგორია, როგორიცაა ქვევრის ღვინო.
სემინარზე, რომელსაც იაპონელი ღვინის ექსპერტები ესწრებოდნენ, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინოები: „წინანდალი 2016″ (წინანდლის ძველი მამული), „ხიხვი, ქვევრი 2017″ (შალვინო), „მწვანე, ქვევრი, იბერიული 2016″ (შუმი), „კრახუნა, ქვევრი 2015″ (მეღვინეობა ხარება), „თავკვერი 2016″ (შატო მუხრანი), „ქვევრი, საფერავი 2017″ (თელედა/ორგო), „თამადა, დიდებული რეზერვი, წითელი საფერავი 2014″ (GWS).
ენდრიუ ჯეფორდი (Andrew Jefford) საქართველოში რამდენჯერმე არის ნამყოფი. საკუთარ შეფასებებში ის ქართულ ღვინოს „მაღალი ხარისხის ღვინოდ” მოიხსენიებს. იგი თვლის, რომ ღვინო საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. „ვინ იტყვის უარს იმ ქვეყნის ღვინის დაგემოვნებაზე, რომელიც ღვინის სამშობლოა და რომელსაც რვაათასწლიანი ღვინის ისტორია აქვს” – აღნიშნავს ენდრიუ ჯეფორდი.
ენდრიუ ჯეფორდის ღონისძიება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის” მხარდაჭერით გაიმართა.
პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო”, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო” არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse” გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო” 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.