ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედების ცენტრი კახეთის სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
20 აგვისტო, 2018

კახეთში 18 აგვისტოს მოსულ სეტყვასთან დაკავშირებით, ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 18 აგვისტოს 17:00 საათიდან კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან შემოვიდა, უპრეცედენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში პროცესი, რომელმაც შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული 40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები.

ცენტრში განმარტავენ, რომ ცენტრის დაცვის არეალში პროცესის შემოსვლისთანავე მოხდა სეტყვის ღრუბელზე ზემოქმედება და შეიზღუდა უკვე არსებული 40-60 მმ ზომის მარცვლების შემდგომი ზრდა.

„ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა მიმდინარე უპრეცედენტოდ მასშტაბური ატმოსფერული პროცესების შესამსუბუქებლად 200 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა და სისტემის საშუალებით ღრუბლის მასები მნიშვნელოვანწილად შეამცირა, მუშაობა ამ ეტაპზეც გარკვეული შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობს. კერძოდ, ახმეტისა და თელავის რაიონებში სარაკეტო დამუშავება სროლისათვის აკრძალული ზონების არსებობის გამო დასახლებული პუნქტების გარეთ განხორციელდა. საგარეჯოს რაიონში აკრძალულ ზონებს დაემატა ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო არსებული შეზღუდვებიც, რის გამოც საერთო ჯამში მნიშვნელოვანი შეზღუდვებით გასროლილ იქნა ორას ერთეულამდე რაკეტა.

20:00 საათის მდგომარეობით ნალექის მასები სეტყვის სახით სამივე რაიონში უმეტესად დასახლებული პუნქტების თავზე, სროლისთვის აკრძალულ ზონებში ჩამოიცალა. აღსანიშნავია, რომ ასეთი დიდი მასშტაბის და მსგავსი ზომის სეტყვის მარცვლების შემცველი ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის არსებობის პირობებში პირველად დაფიქსირდა“, - ნათქვამი განცხადებაში

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.