ბუნებრივი ღვინის ასოციაციამ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და GIZ-ის „სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარებისა და პროფესიული განათლების პროგრამასთან” (PSDTVET) ერთად „ბუნებრივი ღვინის დღე“ აღნიშნეს.
ღონისძიების მიზანი ყურძნის და ღვინის მწარმოებლების გაძლიერება, მათი წარმოებისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ბიო-ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის მარნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ღვინის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაა.
ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა GIZ PSD TVET-სა და ბუნებრივი ღვინის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
ღონისძიებაზე განიხილეს ღვინის სექტორისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა "ვენახების ეროვნული კადასტრი" და "ახალი ვენახის დაგეგმვა და განვითარება".
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კადასტრის პროცესი უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო გამოცდილებასა და ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამის განხორციელებაში CIM-ის ინტეგრირებული ექსპერტი ანა ლუჟი ჩაერთო.
კადასტრის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია. საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. ვენახების კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.
www.travelingeorgia.ge