ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბურთულებიანი ჩაი აზიური ტექნოლოგიით – „ჩაის სტუდიოს“ კონცეფცია და გეგმები
09 ნოემბერი, 2020

„ჩაის სტუდიო“ მომხმარებლებს აზიური ტექნოლოგიით დამზადებულ ბურთულებიან ჩაის სთავაზობს, რომელიც ადგილობრივი ნედლეულით მზადდება. ობიექტი თბილისში, შალვა დადიანის 20 ნომერში მდებარეობს.

როგორც BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნუნა დადუნაშვილმა განუმარტა, „ჩაის სტუდიო“ დაახლოებით 20 დასახელების სასმელს აერთიანებს, მათ შორის, ნაწილი ალკოჰოლურია. რაც შეეხება ბურთულებს, როგორც გავარკვიეთ, ისინი კლასიკური სახით, მცენარეული წარმოშობისაა, თუმცა სხვადასხვა სასმელში გათვალისწინებულია ხილისა და შოკოლადის ბურთულები. დადუნაშვილის თქმით, ჩაის ფასი 3-13 ლარის ფარგლებში მერყეობს.

როგორც ის აღნიშნავს, „ჩაის სტუდიო“ ოჯახური ბიზნესია და დაახლოებთ 1 წელია, რაც დაფუძნდა, პანდემიის ფონიდან გამომდინარე კი, ამ დრომდე, უსაფრთხოების მიზნით, ობიექტი მხოლოდ ე.წ Takeaway და მიტანის სერვისით ფუნქციონირებს.

გამოწვევებზე საუბრისას, ნუნა დადუნაშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემურია ადგილობრივ ბაზარზე საჭირო ინგრედიენტების მოძიება.

„აზიური და ქართული პროდუქტის ბაზარი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. მოგვიწია ბევრი მუშაობა იმაზე, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოგვერგო გემოები“, – აღნიშნავს ის.

გარდა ამისა, ნუნა დადუნაშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემური გახდა ბიოდეგრადირებადი ჭურჭლის მოძიებაც და სურვილის მიუხედავად, ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

გამოწვევებზე საუბრისას კი, დადუნაშვილი დასძენს, რომ კორონავირუსის ფონიდან გამომდინარე, მათ გამოაკლდათ ტურისტების სეგმენტი, რომელიც მათთვის პრიორიტეტული იყო.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნუნა დადუნაშვილის განმარტებით, მოიაზრება „ჩაის სტუდიოს“ ახალი ფილიალების დამატება. გარდა ამისა, განიხილება პროდუქციის გამრავალფეროვნების და ასევე, მარკეტებში განთავსების საკითხიც. ამასთან, მათ სურთ დაამატონ სერვისი, რომლის მიხედვითაც, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ პროდუქციის დამზადებაში თავად მიიღონ მონაწილეობა. მისივე განმარტებით, ამ გეგმის განხორციელებისთვის, ის დაფინანსების მოპოვებას ცდილობს.

BMG


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.