“მარიოტის” მერვე სასტუმროს საქართველოში “ალიანს ჯგუფი” აშენებს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი აკაკი სონგულია Property Georgia-სთან საუბარში აცხადებს, სასტუმრო “მარიოტი” “ალიანს ფრივილიჯის” 54-სართულიანი ცათამბჯენის პირველ 12 სართულს დაიკავებს, ზედა სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება.
"მულტიფუნქციური კომპლექსი “ალიანს ფრივილიჯი”, “ალიანს ჯგუფისთვის” დამახასიათებელი ექსკლუზიური არქიტექტურით იქნება გამორჩეული," - ამბობს სონგულია.
“ალიანს ჯგუფსა” და სასტუმროების მსოფლიო ლიდერ ქსელ “მარიოტ ინთერნეშენელს” შორის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 8 თებერვალს ციურიხში მოეწერა. “ალიანს ჯგუფისთვის” ეს “მარიოტ ინთერნეშენელთან” გაფორმებული მეორე ფრანშიზული შეთანხმებაა.
კომპანია “ალიანს პალასის” მშენებლობას ბათუმში 2018 წელს ასრულებს, 2019 წლის აპრილში კი მულტიფუნქციურ კომპლექსში სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი” გაიხსნება.
www.bm.ge