ნიუ-იორკის შუაგულში, “West village”-ში, ზაფხულის დასაწყისში სამმა ქართველმა ქართული Café UBANI გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს უგემრიელეს ყავას და ქართულ მოდერნისტულ სამზარეულოს სთავაზობს.
Café UBANI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა ჩიქოვანი BM.GE-სთან საუბრისას მეგობრებისა და დღეს უკვე პარტნიორების მიერ მანჰეტენზე ქართული კუთხის შექმნის პროცესს იხსენებს და ამბობს, რომ სირთულეების მიუხედავად მათ მიზნად ქცეული იდეა განახორციელეს.
„ბიზნესის იდეა დათო გოგორელიანს გაუჩნდა, რომელმაც ორ მეგობართან ერთად, ჩემთან და გიორგი გამრეკელაშვილთან ერთად განახორციელა. იდეის განხორციელება შუა პანდემიაში დავიწყეთ, რის გამოც საკმაოდ ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია, როგორც საბუთების, ასევე სარემონტო სამუშაობის მხრივაც. რისკი საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ ჩვენი წამოწყების და მიზნის გვჯეროდა. ის მიზანი, რომელიც უცხოელი მომხმარებლისათვის ქართული კერძებისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურებოდა“, - იხსენებს კაფეს თანადამფუძნებელი.

პარტნიორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კაფის სახელის შერჩევა და მისი კონცეფციის განსაზღვრა აღმოჩნდა, რადგან მათთვის მთავარი იყო რომ სახელი ქართული და ამავდროულად ადგილობრივებისთვის ადვილად აღქმადი ყოფილიყო, ამიტომაც კომპანიის ბრენდინგზე დახმარება ანუკა მაღალაშვილს სთხოვეს.
„სახელსა და კაფის ვიზუალურ მხარეზე დიდი ხანი ვფიქრობდით, რადგან გვინდოდა ქართულ-ამერიკულ რეალობაზე ყოფილიყო მორგებული, ამასთან ნიუ-იორკში უკვე არსებული ქართული კაფე-რესტორნებისაგან განსხვავებული, ხალისიანი და დადებითი უნდა ყოფილიყო. სახელი აუცილებლად ქართული და უცხოელი სტუმრებისათვის ადვილად წარმოთქმადი უნდა ყოფილიყო. ჩვენ მივმართეთ ანუკა მაღალაშვილს, რომლის ნამუშევრებიც ამ კუთხით გამორჩეული და წარმატებულია არამარტო საქართველოში, არამედ ამერიკაშიც. ნიუ იორკში მის მიერ არაერთი წარმატებული ბრენდია შექმნილი. 2 თვიანი შრომის შედეგად, მან შექმნა სახელი, ლოგო და ბრენდის ვიზუალური მხარე, რომლის დანახვისთანავე მივხვდით, რომ ეს ის იყო, რაც გვჭირდებოდა, გვინდოდა და იქნებოდა ჩვენი წარმატების საწინდარი! ასეც მოხდა! ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში Café UBANI-მ ადგილობრივებში დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია“, - ამბობს კახა ჩიქოვანი.

მნიშვნელოვანია, რომ მენიუში სტუმარი თითქმის ყველა ქართულ კერძს შეხვდება, რომელიც უძველესი რეცეპტების გამოყენებით მზადდება.
“ნიუ იორკის შუაგულში მდებარე ქართულ კაფეს ორი ფორმატი აქვს: დილის 8 საათიდან მუშაობას როგორც Coffee shop-ი ვიწყებთ, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან, სრულფასოვანი ქართული კაფე ვხდებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი კულინარიული კულტურა უცხოელ მომხმარებელს ღირსეულად წარვუდგინოთ. მენიუში თითქმის ყველა ქართული კერძი გვაქვს წარდგენილი, რომელიც ჩვენი მზარეულის მიერ უძველესი რეცეპტებითაა მომზადებული. ამასთან, კერძების მოდერნიზება, ადაპტირებასაც ვახდენთ“, - უთხრა BM.GE-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

ახლადგახსნილი Café UBANI-ს დამფუძნებლები კი არსებულ შედეგებზე გაჩერებას არ აპირებენ და აცხადებენ: ‘“ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ობიექტის გახსნას ვაპირებთ, ჩვენი დევიზია: უბანი ყველა უბანში!“
BM.GE