ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ცაიშის ბალნეოლოგიური კურორტი“ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, გაიყიდება
15 მარტი, 2019

„ცაიშის ბალნეოლოგიურ კურორტს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტო გასაყიდად ამზადებს, – ამის შესახებ ქონების ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს.„Business Time” ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მდებარე, თერმული წყლების ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის საკითხით დაინტერესდა, რაზეც ქონების ეროვნული სააგენტოში გვიპასუხეს:

„გაცნობებთ რომ ზუგდიდის რაიონში, სოფელ ცაიშში მდებარე 43.20.42.454 და 43.20.42.453 კოდებზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც „ცაიშის ბალნეოლოგიური კურორტი“, წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.

აღნიშნული ობიექტის მიმართ დაინტერესება, მისი უნიკალური ლოკაციიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდია და ამ ეტაპზე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ობიექტის საპრივატიზებოდ მომზადების პროცესი მიმდინარეობს, მასზე შემდგომში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სოფელ ცაიშის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პრივატიზებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ცნობილი გახდება უშუალოდ ობიექტის პრივატიზების პროცესის ინიცირების ეტაპზე“, – გვაცნობეს ქონების ეროვნული სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბალნეოლოგიური კურორტის აბაზანებით, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ზურაბ კვირკვიაა დაინტერესებული.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში თერმული წყლების ბალნეოლოგიურმა კურორტმა ფუნქციონირება 1964 წელს დაიწყო. 1985 წელს კი კურორტმა მუშაობა ოფიციალურად შეწყვიტა. მიზეზად სარესტავრაციო სამუშაოები სახელდებოდა. განახლებული კურორტის მშენებლობა 1991 წელს საბოლოოდ შეწყდა.

Business Time


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.