13-წლიანი ლოდინის შემდეგ ბათუმში საფეხბურთო სტადიონი 2020 წლის ოქტომბერში ოფიციალურად გაიხსნება – UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონის დეტალები
2020 წლის ოქტომბერში ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი ოფიციალურად გაიხსნება. ზუსტად 13 წლის წინ ერთადერთი დიდი საფეხბურთო მოედანი ბათუმის ბულვარში სასტუმროს მშენებლობას შეეწირა, მას შემდეგ ბათუმის დინამოს ფეხბურთლები მატჩებს ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ატარებენ. კომერსანტი დაინტერესდა რა ეტაპზე ახლა საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და როდის შეძლებს სპორტული ობიექტი ფეხბურთელების და მაყურებლების მიღებას.
„შპს სტადიონის“-ის დირექტორის ჯაბა სურმანიძე აცხადებს, რომ სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტების სტადიონის გარე ფასადის მოპირკეთება კი უკვე დასასრულს უახლოვდება.
„შენობა ნაგებობაზე რკინა ბეტონის და ლითონის სამუშაოები მთლიანად არის დასრულებული, სტადიონის იარუსები გადაიხურა არქიტექტურული მემბრანით და გარე ფასადი ჩაიხურა არქიტექტურული მემბრანით, რომელიც არის უმაღლესი ხარისხის. მემბრანას აქვს 10-წლიანი საგარანტიო ვადა. ახლა შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად ხდება ტრიბუნების მოპირკეთება, საინჟინრო ქსელების მონტაჟი, ელექტრო გაყვანილობის ქსელების მოწყობა. ტრიბუნების მოპირკეთების შემდეგ დაგეგმილია სკამების განთავსება, რომელიც არის სამი სახის: ერთი, რომელიც სტატიკურად დამაგრდება, მეორე, რომელიც დაიკეცება და მესამე ვიპ ზონისთვის “,- ამბობს ჯაბა სურმანიძე.
ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. თუმცა ჯაბა სურმანიძე ვარაუდობს, რომ სტადიონის მშენებლობა დაგეგმილ ვადაზე ადრე, გაზაფხულზე დასრულდება.
საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ღირებულება 99 448 408 ლარია.
ჯაბა სურმანიძე იმ უპირატესობებზე საუბრობს, რომელიც ბათუმის სტადიონს ექნება.
„სამუშაოები ისეა დაგეგმილი, რომ სრულიად აკმაყოფილებს უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებს. მოედნის საფარი ბუნებრივი უმაღლესი ბალახით იქნება დაფარული, რომლის მოვლა პატრონობა ერთ წლის განმავლობაში შპს ანაგის ვალდებულებაა. განათების და გახმოვანების სისტემა არის უმაღლესი ხარისხის. 2016 წელს ამოქმედდა რეგულაცია განათების სისტემასთან დაკავშირებით, ჩვენ გადავდივართ ამ სისტემაზე, 1500 ლუქსი იქნება განათების სიხშირე, რაც დაგეგმილ განათებაზე უკეთესია, უფრო მეტი სიკაშკაშე აქვს და ჩრდილებს არ წარმოშობს,ამ სისტემას მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს“,– განაცხადა ჯაბა სურმანიძემ.
საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე დაახლოებით 400 ადამიანია დასაქმებული. ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი, საიდანაც150 ადგილი VIP ზონისთვისაა განკუთვნილი. როგორც ჯაბა სურმანიძე ამბობს, სტადიონი მხოლოდ სპორტული ინფრასტრუქტურისთვის გათვლილი არ არის.
„ძირითადად სტადიონი მოემსახურება ბათუმის დინამოს თამაშებს მაგრამ, დაგეგმილი გვაქვს ჩატარდეს საქართველოს ნაკრების თამაშები. აღსანიშნავია, რომ სტადიონზე შეიძლება ჩატარდეს მაღალი დონის კონცერტები. კონცერტების ჩატარებისთვის მოედნის საფარისთვის ვყიდულობთ სპეციალურ 50-სანტიმეტრიან დასაგებ ფენას, რათა საფარი არ დაზიანდეს. სტადიონს გარე ტერიტორიაზე დაახლოებით 4 800 კვ.მ. მოეწყობა სპორტული დანიშნულების ობიექტები, სპორტული კაფეები და სპორტული მაღაზიები. ტერიტორიაზე დაახლეობით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. შშმ პირებისთვის გათვალისწინებულია ცალკე საპარკინგე სივრცის და ტრიბუნის მოწყობა“, – ამბობს ჯაბა სურმანიძე.
ჯაბა სურმანიძე კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. მასპინძელი გუნდის და სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის ცალკე შესასვლელებია გათვალისიწინებული. როგორც „შპს სტადიონის“-ის დირექტორი ამბობს, აჭარაში სტადიონის მშენებლობის დასრულებას ყველა განსაკუთრებულად ელოდება.
„ბათუმში ერთადერთ საფეხბურთო მოედანი არსებობს – ანგისის საფეხბურთო ბაზა, თუმცა, ეს საფეხბურთო ბაზა არ არის ისეთი მაღალი დონის შეხვედრებისთვის განკუთვნილი, როგორსაც ჩვენ ვგეგმავთ. არსებული სტადიონი 4000 მაყურებელს იტევს ბათუმში კი იმდენად მაღალია საფეხბურთო სფეროს მიმართ ინტერესი, რომ ამ ადგილების რაოდენობა საკმარისი არ არის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი სრულად შეივსება. ვთვლი, რომ ახალი სტადიონის უფრო მეტი მოტივაცია იქნება ფეხბურთელებისთვისაც თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ აჭარაში მოლოდინი ყველა დიდი აქვს“,- განაცხადა ჯაბა სურმანიძემ.
Commersant.ge