ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჩააგდებს თუ არა მეხუთე საკურორტო სეზონს "გომარდული"? – კურორტს ისევ ყადაღა ადევს
19 მაისი, 2017

„თუ მთავრობის ნება იქნება, კურორტს ყადაღა მოეხსნება და ამუშავდება"-აცხადებს „კომერსანტთან" საუბრისას აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტ „გომარდულის" წარმომადგენელი ბადრი ქათამაძე. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე უცნობია მიმდინარე სეზონისთვის შეძლებს თუ არა „გომარდული" დამსვენებლების მიღებას.

როგორც ქათამაძე განმარტავს, აჭარის მთავრობისგან დღემდე არსებობს დაპირება, თუმცა, კურორტი ამ დრომდე დაყადაღებულია.

„კატეგორიულად რომ უარს გვეუბნებოდნენ, ასე არ არის, იმედს გვაძლევენ და მუშა პროცესია. თუმცა, როდის მოეხსნება ყადაღა კურორტს, არ ვიცით. სანამ ეს პრობლემა არ გადაიჭრება,სტუმარს ვერ მივიღებთ. ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია, ამას კი ფინანსები სჭირდება. სეზონის ჩავარდნაზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ, რადგან 10-20 დღეში შევძლებთ ამ ყველაფრის მოწესრიგებას, თუ რა თქმა უნდა, ყადაღა მოეხსნა კურორტს. შიდა კომუნიკაციებია გასაკეთებელი მეტი არაფერი. ნება თუ იქნება, დაახლოებით 1 საათში გადაწყდება ეს საკითხი"-აცხადებს ქათამაძე.

შეგახსენებთ, ყადაღის გამო  კურორტი მეოთხე წელია გაჩერებულია. როგორც ქათამაძე განმარტავს, ასევე ამ დრომდე გადაუწყვეტელია წლების წინ შემოსავლების სამსახურის მიერ აქციონერებისთვის დაკისრებული საბიუჯეტო დავალიანების საკითხი, რომელიც ჯამში ნახევარ მილიონს ლარს შეადგენს.

სს „გომარდულის" დირექტორი ჯემალ დარჩიძე 2015 წელს „კომერსანტთან" განმარტავდა, რომ შემოსავლების სამსახურმა აქციონერებს საბიუჯეტო დავალიანება დააკისრა მიწის გადასახადის სახით, 126 000 ლარის ოდენობით, რასაც 2011 წლის შეთანხმება არ ითვალისწინებდა.

დარჩიძე აცხადებდა, რომ 2011 წლის ივლისში მათ 57 ჰექტარი მიწის ფართობი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ მფლობელობაში. იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, სააქციო საზოგადოება „გომარდული" მომდევნო 15 წლის განმავლობაში ყოველგვარი გადასახადისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო. თუმცა, 3 წლის წინ დაკისრებული 126 000 ლარის ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააქციო საზოგადოების მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდა.

როგორც „გომარდულის" მფლობელები აცხადებდნენ, კურორტი ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ამ დროისთვის კურორტზე 5 სასტუმრო სახლი და რესტორანია. ჯამში კი შესაძლებელია 60 ვიზიტორის სტუმრობა. ქათამაძე აცხადებს, რომ კურორტზე დამსვენებლები წელსაც არიან, თუმცა იმის გამო, რომ არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, კვების ობიექტები, გართობის საშუალებები, მათი რაოდენობა მცირეა.

2016 წლის ბოლოს ბადრი ქათამაძე „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავდა, რომ კურორტს ყადაღა უახლოეს მომავალში მოეხსნებოდა და მისი განვითარება/რეაბილიტაციაც დაიწყებოდა.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.