უშგულში, სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაცია 2020 წლისთვის დასრულდება. ამ დროისთვის აქ მდებარე 50-მდე კოშკიდან და მაჩუბიდან უკვე სრულადაა აღდგენილი 30-ზე მეტი ისტორიული ძეგლი. დასრულებულია ადგილობრივი ეკლესიის ქვის საკონსერვაციო და სახურავის მოწყობის სამუშაოებიც.
რეაბილიტაციის პროცესი ჩაჟაშში მიმდინარე წლის აპრილის თვიდან განახლდება. პროგრამის ახალი ეტაპიც, წინა წლებში განხორციელებული სამუშაოების მსგავსად, სარეაბილიტაციო ციხე-კოშკებისა და მაჩუბების სახურავებისა და კედლის საპირე წყობების აღდგენა-გამაგრებას მოიცავს.
წელსვე იგეგმება იმ ციხე-კოშკის რეაბილიტაციაც, სადაც ამჟამად უშგულის არქეოლოგიური მუზეუმია განთავსებული.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ცნობით, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში უხვმა ნალექმა მურმან ნიჟარაძის კომპლექსის მაჩუბი დააზიანა.
ტრადიციული სვანური საცხოვრისის სახურავს ახლომდებარე საგვარეულო კოშკის სახურავზე ყინულად ქცეული თოვლის მომწყდარი მასა დაეცა, რომელიც გადმოთოვის აუცილებელი პროცედურის განუხორციელებლობის გამო წარმოიქმნა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე უკვე მობილიზებული ჰყავს ჩაჟაშის ახლადშექმნილი მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ხარისხს სწავლობს.
სააგენტოს ცნობით, პრევენციის სახით, ჯგუფის წევრები ამავდროულად იმ საგვარეულო კოშკებისა და მაჩუბების ფიზიკურ მდგომარეობასაც დააკვირდებიან, რომელთაც მესაკუთრეების არყოფნის მიზეზით გადმოთოვის პრობლემა აქვთ.
საჭიროების შემთხვევაში მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლები აუცილებელ ღონისძიებებს განახორციელებენ.
ნიჟარაძის კომპლექსის მაჩუბს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელსვე, ჩაჟაშის კომპლექსური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აღადგენს. 2 წლის წინ რეაბილიტირებული საცხოვრისის დაზიანებული სეგმენტების რეაბილიტაციას კვლავაც კომპანია „თავერსი პლიუსის“ სპეციალისტები განახორციელებენ.
ჩაჟაშის რეაბილიტაციის პროცესი 2014 წლიდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის ( ფონდი „ქართუ“ ) დაფინანსებით მიდის.
www.travelingeorgia.ge