ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ,,ჭაქვინჯის ციხის" მიმდებარე ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა-ძიება ჩატარდა. გამგეობის ცნობით, კვლევის შედეგად კლდოვანი მასების რღვევის პერიმეტრები და ეროზირებული ნიადაგის დაზიანების კატეგორია დადგინდა. აღნიშნული ობიექტის დაზიანების შესწავლა აღმოსავლეთ ნაწილში კლდის ჩამოშლამ განაპირობა.
"გამგეობამ რეაგირებისათვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. მათი დახმარებით პირველ რიგში გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდება. შემდგომ კი ციხე-სიმაგრეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება", - უთხრა "ათინათს" გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ.
ცნობისთვის, ჭაქვინჯის ციხის აშენების თარიღად ეგრისის სამეფოს საწყისი პერიოდი - IV-V საუკუნეები მიიჩნევა. ისტორიკოსების ცნობით, მტრის დარტყმების შედეგად ციხე XII-XIV სს-ში მძიმედ დაზიანდა. ციხემ მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია XVI საუკუნეში განიცადა. ისტორიულ წყაროებში კი იგი მხოლოდ XVII საუკუნიდან იხსენიება.
www.radioatinati.ge