„ჩალიკ ენერჯი” შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს
უმსხვილესი თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი” შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს და 75 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
შეთანხმებას თურქეთში ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ჩალიკ ენერჯის” დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან მიაღწია.
„ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, ეს არის განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო ჩვენი ქვეყნის ელექტროგენერაციაში”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აჰმედ ჩალიკმა აღნიშნა, რომ სჯერა საქართველოსი და მისი მომავლის. მისივე თქმით, „ჩალიკ ენერჯის” განხორციელებული კიდევ ერთი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგებში.
„შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ „ჩალიკ ენერჯი” საქართველოში განახორციელებს ინვესტიციას ქარისა და მზის ენერგიაში. ამ ეტაპზე პირველი ინვესტიცია ქარის ელექტროენერგიაში განხორციელდება”, – აღნიშნა აჰმედ ჩალიკმა.
კომპანია მომავალში მზის ენერგიაში აპირებს ინვესტირებას.
ქარის ელექტროსადგურის პროექტს „ჩალიკ ენერჯი” საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით განახორციელებს.
www.travelingeorgia.ge