ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჭარბი მიწოდება, ნაკლები ჯავშნები და ცვალებადი ბაზარი – რა ხდება თბილისის AIRBNB-ის ბაზარზე
15 აპრილი, 2019

თბილისში AirBnb-ზე უფრო მეტი ობიექტია განთავსებული, ვიდრე ქალაქებში, რომლებიც გაცილებით უფრო მეტ ტურისტს მასპინძლობენ ვიდრე თბილისი. 2019 წლის თებერვალში ონლაინ-ბუქინგის პლატფორმაზე 12,403 ბინა/ოთახი იყო შეთავაზებული, ეს კი ათენის, პრაღის, ბუდაპეშტის, კიევისა და ვარშავის, ასევე რეგიონის ქვეყნების ქალაქების, ბაქოს, ერევანის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. 

თბილისში AirBnb-ის შეთავაზებების რაოდენობა მხოლოდ 3000-ით ჩამორჩება სტამბოლის მაჩვენებელს, თუმცა სტამბოლისგან განსხვავებით, თბილისს რამდენიმე ათეულჯერ ნაკლები ადამიანი სტუმრობს. 

ამასთანავე, მკვეთრად იზრდება შეთავაზებების რაოდენობაც. 2017 წელს შეთავაზებები 51%-ით, 2018 წელს კი ზრდა დამატებით 62% იყო. 

Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, თბილისის AirBnb-ის ბაზარზე ჭარბი მიწოდებაა, რასაც თვალსაჩინოდ ასახავს ის, რომ დაჯავშნის საშუალო მაჩვენებელი სხვა ქალაქებთან შედარებით დაბალია. მეტიც, თვის განმავლობაში ბინების 64%-ს საერთოდ არავინ ჯავშნის. 
სტატისტიკის მიხედვით, დაჯავშნების საშუალო მაჩვენებელი 39%-ს შეადგენს. 

დაჯავშნილი ოთახების დღიური დაკავების მაჩვენებლით კი AirBnb თბილისის ტურისტული ბაზრის 11%-ს აგენერირებს. 

კვლევის მიხედვით, ამ სერვისის მეშვეობით 2018 წელს ბინების გაქირავებით მიღებული ჯამური შემოსავალი $23 მილიონი იყო, რაც 2017 წელთან შედარებით 90%-ით მეტია. 

ამ ბიზნესში მხოლოდ ყველაზე კონკურენტუნარიანები დარჩებიან:

AirBnb-ის ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალი დაჯავშნის მაჩვენებელი ძველი თბილისის უბნებში – მთაწმინდაზე, ვერაზე, სოლოლაკშია. გარეუბნებში არსებული ობიექტებით კი ვიზიტორები ნაკლებად ინტერესდებიან, შესაბამისად გაზრდილი კონკურენციის ფონზე, ბაზრიდან გასვლის რისკის წინაშე პირველ რიგში გარეუბნების ბინების მიმწოდებლები დადგებიან. 

საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ AirBnb-ის ბაზარზე ყველაზე კონკურენტუნარიანები არიან ისინი, ვისაც ერთდროულად რამდენიმე შეთავაზება აქვს. მაგალითად, თბილისში დღეს მიმწოდებელთა 46% ფლობს რამდენიმე შეთავაზებას, რაც უფრო დიდი ხნის გამოცდილების ბაზრების – პრაღის (70%), კიევის (67%), ვარშავის (66%), ბუდაპეშტის (61%) მაჩვენებელთან შედარებით დაბალია. 

AIRBNB VS. საშუალო სეგმენტის სასტუმროები

AirBnb-ისა და Booking.com-ის შეთავაზებები პირველ რიგში კონკურენციაში შედარებით დაბალ საფასო სეგმენტზე გათვლილ სასტუმროებთან შედის. ეს მეტწილად სამვარსკვლავიანი ობიექტებია, ხოლო უფრო ძვირადღირებული ბინები კი ოთხვარსკვლაინი სასტუმროების ბაზარზსაც უწევენ კონკურენციას. 

სასტუმროებთან მიმართებით, AirBnb-ის მთავარი უპირატესობა ფასია. 

ბაზრის ძვირადღირებული სეგმენტი: 

AirBnb-ის გასაშუალოებული ფასი მაღალ სეგმენტში – $101 დოლარი; 
საერთაშორისო დონის ოთხვარსკვლავიანი ნომრის ფასი – $112 დოლარი; 
საერთაშორისო მაღალი სეგმენტის ნომრის ფასი – $152 დოლარი. 

საშუალო სეგმენტი: 

საშუალო დონის სასტუმროს ფასი – $85 დოლარი; 
საშუალო დონის AirBnb-ის ბინის ფასი – $51 დოლარი; 

დაბალი სეგმენტი: 

გესთჰაუსი – $38 დოლარი; 
AirBnb-ის ბინის ფასი – $35 დოლარი.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.