ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჩავარდნილი ტენდერი და თოვლმავალი თანამედროვე გზის ნაცვლად - როგორ ხვდება Goderdzi Resort-ი ზამთრის სეზონს?
17 ოქტომბერი, 2017

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი დამსვენებლების მისაღებად ემზადება. მთავარი პრობლემა, რაზეც ტურ-ოპერატორები საუბრობენ, არის ის, რომ ადგილამდე მისასვლელი გზა და შიდა ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი და ასევე, ადგილზე კვების ობიექტების სიმწირეა. ეს ყველაფერი კი ქართველ და უცხოელ ტურისტებს დისკომფორტს უქმნის.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავდა, სამცხე-ჯავახეთის და მთიანი აჭარის დამაკავშირებელი ხულო-ზარზმის 45-კილომეტრიანი თანამედროვე სტანდარტის გზის მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება. შესაბამისად, წლევანდელ სეზონზეც ტურისტებისთვის კურორტამდე მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით იქნება შესაძლებელი, თუმცა შპს Goderdzi Resort-ის დირექტორის ზურაბ ჭურკვეიძის თქმით, პრობლემის დროებით მოსაგვარებლად თოვლმავალების დანიშვნა იგეგმება.

„ცხადია, ზამთარში მსუბუქ ავტომანქანას ჩვენამდე მოსვლა უჭირს, ეს პრობლემაა, მაგრამ გზის რეაბილიტაციის შემდეგ, თავისუფლად ივლიან. წელს კი ვგეგმავთ, რომ თბილისიდან წამოსული ტურისტების ნაკადის პრობლემა გადავჭრათ. შეიძლება მოვახდინოთ გარკვეული შეთანხმება, რომ თოვლმავალმა  ზარზმიდან გოდერძის მიმართულებით იაროს და ყოველდღიურ რეჟიმში ტურისტები ჩვენამდე ამოიყვანოს“, - აღნიშნავს ჭურკვეიძე.

რაც შეეხება შიდა გზის მოპირკეთებას, მისი ინფორმაციით, 1761 მეტრი შიდა გზის მოწყობა უკვე დასრულდა: „სატესტო რეჟიმში ვართ და კვირის ბოლოს ყველაფერი დასრულებული იქნება. აღნიშნული შიდა გზა ყველა ძირითად საინვესტიციო ნაკვეთს უკავშირდება და სამომავლოდ დარჩენილი 1300 მეტრიანი გზის მშენებლობა იგეგმება.“

ამასთან, Goderdzi Resort-ის დირექტორის თქმით, კურორტზე კვების ახალი ობიექტი განთავსდება, რადგან მანამდე არსებული ობიექტი დამსვენებლების უკამყოფილებას იწვევდა.

„ვაპირებთ, რომ კოტეჯების ადმინისტრაციული შენობა რესტორნის მოსაწყობად გავაქირაოთ. ამ სეზონზე კვების პრობლემა გადაიჭრება. წინა სეზონზე კვების ობიექტი სხვა ადმინისტრაციული შენობის ნაწილში იყო განთავსებული, თუმცა ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობდა და საკმაოდ არაკომფორტული იყო. შესაბამისად, მოთხოვნა იყო, რომ  სწრაფი კვების ობიექტი გახსნილიყო. ზამთრის სეზონზე ტურისტებს უკვე ახალი ობიექტი დახვდებათ“, - აცხდებს ჭურკვეიძე.

რაც შეეხება ტენდერებს, რომელიც სწრაფი კვებისა და თხილამურების გაქირავების ობიექტების პროექტებს შეეხებოდა, ზურაბ ჭურკვეიძის ინფორმაციით, ტენდერი არ შედგა:„სამწუხაროდ, ზამთრის სეზონზე ეს პროექტები ვერ განხორციელდება, რადგან ტენდერი არ შედგა. მიზეზები არვიცით. თუმცა სამომავლოდ აჭარის მთავრობის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ მიწის ნაკვეთი გამოიყოს და იჯარით გაიცეს. გაზაფხულიდან ტენდერს ისევ გამოვაცხადებთ“.

ჭურკვეიძის თქმით, კურორტზე კვლავ პრობლემად რჩება ის, რომ რომ ადგილობრივებს შესაბამისი უნარ-ჩვევები არ აქვთ, რომ უცხოელ ტურისტებთან ურთიერთობა დაამყარონ:„თუმცა ისინი მონდომებულები არიან, პრობლემას აცნობიერებენ. გარკვეული ტრენინგები ჩატარდა. ახლაც იგეგმება მნიშნელოვანი ტრენინგის ჩატარება, რომელსაც მთის კურორტების განვითარების კომპანია გეგმავს. ამ საკითხს მოკლე დროში ვერ გადავჭრით.“

ამასთან, ცნობილია, რომ კურორტზე ექვსი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომლებიც 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს. რაც შეეხება ვერტმფრენს, რომელსაც ბათუმიდან-გოდერძის მიმართულებით 2017 წლის დეკემბრიდან უნდა ეფრინა, ზურაბ ჭურკვეიძის თქმით, ჯერჯერობით მოსამზადებული პროცედურები მიმდინარეობს და ფრენები შესრულდება თუ არა, უცნობია.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.