Check In Georgia-ს ღონისძიებებში მონაწილეებისთვის 4.5 მლნ ლარის ჰონორარია გათვალისწინებული
Check In Georgia-ს ღონისძიებებში მონაწილე შემსრულებლებისთვის 4.5 მლნ ლარის ჰონორარია გათვალისწინებული.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. წინადადებების განხილვის საბოლოო თარიღი კი 19 აპრილია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 500 000 ლარია. აქედან, შემსრულებლების ჰონორარი – 4 500 000 ლარია; ღონისძიებების ორგანიზებისთვის საჭირო შესყიდვების განხორციელება კი – 2 000 000 დაჯდება.
„ღონიძიება გეგმად ისახავს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ტურიზმის ხელშეწყობისა და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით კონცერტების და მუსიკალური ფესტივალების ჩატარებას, შესყიდვების კანონის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეუძლებელია აღნიშნული კონცერტების და მუსიკალური ფესტივალის ჩატარება. ვინაიდან კონტრაქტები უნდა გაფორმდეს მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავური მუსიკალური ჯგუფების, არტისტების და ელექტრონული მუსიკის შემსრულებლების (DJ) პროვაიდერ სააგენტოებთან. ასეთი სააგენტოები კი არ არიან დაინტერესებული ტენდერში მონაწილეობის მიღებით. ასევე ამ ყველაფერს აფერხებს ის ფაქტი, რომ უმეტესობას დაგეგმილი აქვთ ტურნე და თარიღის განსაზღვრა ხდება მათ მიერ. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მათი მოთხოვნები ტექნიკური რაიდერის მიხედვით არის სპეციფიური, განსხვავდება ყოველი კონკრეტული შემსყიდველისათვის და ჩვენთვის უცნობია მათთან ხელშეკრულების გაფორმებამდე. შესაბამისად, შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია ზემოაღნიშნული შესყიდვის ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვა,“-აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
მიმდინარე წელს ღონისძიებები 2019 წლის ივნისიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.
BPN