ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
CHECK IN TRAVEL: 230-კაციანი ტურისტული ჯგუფი მყავს ინდოეთში, მაგრამ ვერ ჩამოვიყვან, მეშინია
15 ივლისი, 2019

„ჩვენ არ ვიცით, რატომ არ უშვებენ ინდოელ ტურისტებს საქართველოში. პასუხს არავინ გვცემს, არც ჩვენ, როგორც ტურისტულ სააგენტოს, ვინც ვმუშაობთ ინდოეთისა და არაბული ქვეყნების ბაზრებზე და არც თავად ტურისტებს, რომლებიც შეურაცხყოფილები მიდიან თავის ქვეყანაში და საერთოდ არ უნდათ მოხედვა საქართველოსკენ“, – ეს განცხადება „საქმიან დილაში“ Check in Travel-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა გააკეთა.

ია გედევანიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია ის ფაქტი, რომ როცა ტურისტი ვიზას ონლაინ იღებს ანუ ამაში იხდის ფულს და ლოგიკურად, აქვს ნებართვა რომ შემოვიდეს საქართველოში, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასაზღვრო პოლიცია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყნიდან აბრუნებს.

„როცა ევროპასთან არ გვქონდა თავისუფალი სავიზო რეჟიმი, შენგენის ვიზის არსებობის შემთხვევაში, ხომ უპრობლემოდ შევდიოდით ქვეყნებში?! მაშინ ჩვენ რატომ ვუქმნით პრობლემას იმ ადამიანებს, რომლებიც ონლაინ იღებენ საქართველოს ვიზას და აქვსთ უფლება, რომ იმოგზაურონ. სწორედ ამ პრობლემების გამო, ძალიან დიდი ძალისხმევით ჩამოგვყავს ტურისტები ამ ქვეყნიდან, რადგან არ უნდათ საქართველოში მოგზაურობა. ამის მოგვარებაში, მთავარი როლი კი, სახელმწიფოს ეკისრება, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, დაგვიდგეს მხარში და გაამარტივოს სავიზო ურთიერთობები. ჩვენ არ ვითხოვთ ვიზის მოხსნას, საუბარია, მხოლოდ და მხოლოდ გამარტივებაზე. ეს კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმდინარე წელს არის, რუსული ტურისტული ემბარგოს ფონზე“, – აღნიშნა ია გედევანიშვილმა.

მისი თქმით, თუ პრობლემა მოგვარდება, ინდოეთისა და არაბული ქვეყნებიდან შემომავალი ტურისტების რაოდენობა, 50%-70%-ით გაიზრდება და ეს შესაძლოა მიმდინარე თვეშიც მოხდეს, რადგან ინდოელები გეგმავენ სწრაფად და სწრაფადვე ჩამოდიან.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეივსება ბაზარი და შესაბამისად, ტურისტული სეზონი არ ჩავარდება ქვეყანაში. 230-კაციანი ტურისტული ჯგუფი მყავს ინდოეთში, რომელსაც უნდა საქართველოში მოგზაურობა და მელოდებიან, ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს თავზე და ვუთხრა, რომ ისინი საზღვარზე უპრობლემოდ შემოვლენ, თუმცა ამას ვერ ვეუბნები.

ვერ ჩამოვიყვან, მეშინია, რომ უხერხული მდგომარეობა არ შეიქმნას და სერიოზული ზარალი არ მიადგეს კომპანიას, მათი ქვეყანაში არშემოშვების შედეგად. ეს საკითხი სცდება ჩემს პასუხისმგებლობას, ხოლო ვისი პასუხისმგებლობაცაა, ვგულისხმობ, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათთან ამ თემაზე შეხვედრა არ გვქონია და არ ვიცით აზრი, თუ როგორ უყურებენ ისინი ამ საკითხს, არ გვაქვს არგუმენტი რატომ არ ამარტივებენ, რატომ არ უშვებენ ან როდის შეიძლება მოგვარდება ეს პრობლემა. ამიტომაც დიდი სურვილი გვაქვს და ძალიან ველოდებით ამ შეხვედრას, თუკი ის საერთოდ დაიგეგმება“, – აღნიშნა Check in Travel-ის დამფუძნებელმა.

ია გედევანიშვილმა ასევე ისაუბრა იმ აუცილებელ მარკეტინგულ კამპანიაზე, რომელიც ინდოეთსა და არაბულ ქვეყნებში აუცილებელია იმისათვის, რომ მეტი შეიტყონ საქართველოს შესახებ და შესაბამისად, ცნობადობა ამაღლდეს.

ცნობისთვის: შსს-ს მონაცემებით, 2019 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ინდოეთის 1,198 მოქალაქეს ეთქვა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.