ჩინეთი, როგორც ქართული ტურიზმის სამიზნე – რჩევა რუსული ავიასანქციით დაზარალებულებს
“ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის” მენეჯერი მაკა მანდარია მიიჩნევს, რომ რუსული ავიასანქციით დაზარალებულმა ქართულმა ტურიზმის ინდუსტრიამ ტურისტების მოზიდვა ჩინეთიდან აქტიურად უნდა დაიწყოს.
იგი BM.GE–სთან საუბრისას კოლეგებს რჩევას აძლევს, როგორ მოახერხონ ჩინეთის ბაზარზე აქტიური მარკეტინგული კამპანიის წარმოება.
“ჩინეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩინეთს ყოველთვის კომბინირებული ტურები აქვს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ეს ტურები სომხეთსა და აზერბაიჯანში, საქართველოს გავლით ხორციელდება. გარდა ამისა, ყოველთვის ხდება ე.წ Last minute ჩინეთის ბაზრიდან დაჯავშნა. ჯერ კიდევ გუშინ მივიღე ჯგუფზე ჯავშანი, რომელიც არის აგვისტოში. ეს ნამდვილად Last minute ჯავშანია.
მთავარია, გქონდეს პროგრამა, რომელიც არის WeChat-ი, რადგან ჩინეთში არცერთი სოციალური ქსელი არ მუშაობს. ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ საკმარისია, რომ იყოს WeChat–ი და ამით უკვე ყველაფერი გვარდება. თითოეულმა კომპანიამ, სასტუმრო იქნება, თუ ტურისტული, უნდა გადმოწეროს ეს პროგრამა და გაააქტიუროს იქ, რა კამპანიაც უნდა ის”, – აღნიშნა მაკა მანდარიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს – საქართველოში, ქართულ ავიაკომპანიებს კი რუსეთში პირდაპირი რეისების განხორციელება ეკრძალებათ.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის გათვლებით, აღნიშნულის გამო, ქართული ტურიზმის სექტორი წელს დაახლოებით 2.1 მლრდ ლარით იზარალებს.
bm.ge