ჩინურენოვანი გიდები, WIFI ავტობუსებში – კიდევ რაა საჭირო ჩინელი ტურისტების მოსაზიდად?
ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის განცხადებით, ვიზიტორების კუთხით, ჩინეთიდან აბსურდული რიცხვები გვაქვს, რადგან 2018 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ 1000 იყო.
მისივე განმარტებით, ჩინელი ტურისტების მოსაზიდად მეტი ჩინურენოვანი გიდი და სპეციალური ღონისძიებების რაოდენობის გაზრდაა საჭირო.
“ჩინეთიდან აბსურდული რიცხვი გვაქვს, 1000 ვიზიტორი წელიწადში. 135 კაცი ჰყავდა სულ ჩამოყვანილი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ ორგანიზაცია „ჯინჯინგს“. ფაქტია, რომ ჩინეთის მიმართულებით განვითარება გვჭირდება. 4-5 ათასი დოლარი ღირს პაკეტი, თბილისში ჩამოსასვლელად”, – თქვა მან.
ცნობისთვის: ტურიზმის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს ჩინეთიდან საქართველოში 31,855 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა.
გვარჯალაძე ამბობს, რომ საქართველოდან დელეგაციის ჩინეთში სტუმრობის დროს გამოიკვეთა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია ტურიზმის სექტორის გასავითარებლად.
„როდესაც დელეგაციით ვიყავით ჩასული, ვკითხეთ, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა გაუმჯობესებისთვის. მივხვდით, რომ მათ სჭირდებათ მეტი ჩინურენოვანი გიდი, სჭირდებათ კომუნიკაცია ანუ Wifi ავტობუსებშიც, ეს ერთ-ერთი მოთხოვნაა, საჭიროა ასევე სპეციალური ღონისძიებების რაოდენობის გაზრდა, მაგალითად ფესტივალები, სიმპოზიუმები. ამ მიმართულებით გვინდა, რომ განვავითაროთ გარკვეული იდეები და მერიასაც შევთავაზოთ კონკრეტული ტერიტორიები ქალაქში, რომლის ზონირებაც უკვე მოხდა”, – აღნიშნა მან.