ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ჭრებალოს მარნის" დამფუძნებელი ამბროლაურში სასტუმროს აშენებას გეგმავს
08 სექტემბერი, 2022

„ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელი ამბროლაურის რაიონში 15 ნომრიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მარნის თანადამფუძნებელმა სოფო ლეკიშვილმა განუცხადა, გეგმა დაახლოებით 2 წელში განხორციელდება. ამ დროისთვის პროექტის კალკულაციის პროცესი მიმდინარეობს.

მისი განცხადებით, რაჭაში უმეტესწილად 10 ნომრიანი საოჯახო სასტუმროებია, შედარებით მასშტაბურზე კი დიდი მოთხოვნაა. თავად "ჭრებალოს მარანმა" წელს იმაზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, ვიდრე მოლოდინი იყო. 

როგორც ლეკიშვილი განმარტავს, მიმდინარე ზაფხულში სივრცეს რესტორანი და სადეგუსტაციო დაემატა. მისი განცხადებით, ტურისტებს ადგილზე რაჭა-ლეჩხუმში წარმოებული სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობენ.  

„ჭრებალოს მარანი" მცირე ზომის ბუტიკური მარანია, რომელიც აწარმოებს 2019 წლიდან რაჭა-ლეჩხუმის მხარის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ღვინოებს.

სოფო ლეკიშვილის განცხადებით, მარანი წელიწადში დაახლოებით 20 000 ბოთლს აწარმოებს, საიდანაც ნახევარს ადგილობრივ ბაზარზე, ნახევარს კი ექსპორტზე ყიდის. ამ ეტაპზე „ჭრებალოს ღვინის მარნის“ ღვინოები გადის ბალტიის ქვეყნებში.

მისი ინფორმაციით, ექსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. მათ შორის, იაპონიასთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან.

როგორც ლეკიშვილი განმარტავს, წელს „ჭრებალოს მარანი“ დაახლოებით 200 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს.

მარანი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტში, სოფელ ჭრებალოში, ხვანჭკარის ზონაში. განთავსებულია 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდინარე ასკის პირას, ხოლო ვენახი გაშენებულია სოფ. ჟოშხაში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.

კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძნებლების შთამომავლებს, სწორედ ამან განაპირობა სოფ. ჭრებალოს ისტორიულ შენობაში ღვინის საწარმოსა და მარნის დაარსება.

„ჭრებალოს მარანი“  რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან 9  სახეობის ქვევრის, მშრალ და ნატურალურად ნახევრად ტკბილ ღვინოებს აწარმოებს. ასევე 2 სახეობის ჭაჭას. ღვინის საშუალო ფასი  ამ დროისთვის 20-45 ლარის ფარგლებშია.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.