სვანეთში პირველად ორი წლის წინ ვიყავი და გამართლებული მოლოდინებით წამოვედი - მესტია, უშგული, კოშკები, მუზეუმი, კვირიკეს ტაძარი, ალაგ-ალაგ მოსმენილი ისტორიები სიყვარულის კოშკზე, ოქროს მოპოვების დღემდე შემორჩენილ წესზე და ა.შ. ჩემი წარმოდგენები ამ მხარეზე თითქოს ამოვწურე კიდეც, მაგრამ გასულ კვირას გადაცემა „ანალიტიკასთვის“ რამდენიმე რეპორტაჟის მოსამზადებლად ჭუბერში მომიწია გამგზავრება ედოსთან (ოპერატორი ედგარ ყაზახაშვილი) ერთად. ერთ-ერთი მიზანი მაყურებლისთვის სწორედ ჭუბერის თემისა და ნაკრას ხეობის სოფლების ტურისტული პოტენციალის გადმოცემა იყო.
გამგზავრებამდე ედოს სამუშაო მონახაზი გავაცანი, რომლის მიხედვით, სიუჟეტის პირველი კადრი ჭუბერში მზის ამოსვლა უნდა ყოფილიყო. თბილისიდან წარმოდგენილიც კი მქონდა, როგორ წითლდება თეთრი მწვერვალები და პარალელურად, როგორ წარმოვთქვამდი მზის სადიდებელ ჰიმნს სვანეთიდან - ლილეს. ადგილზე ჩასულებს კი სულ სხვა სურათი დაგვხვდა - ულამაზესი ხეობა, სადაც დილის მზის სხივები დაახლოებით 9 საათისთვის აღწევს.
ჭუბერის ცენტრში, საოჯახო სასტუმროს დიასახლისმა ნანა ფირცხელიანმა აგვიხსნა, რომ ყველაზე მაღალი წერტილის მონახვა, სადაც ფეხით რამდენიმე წუთში მოვხვდებოდით, მისი სახლის უკან მდებარე ტყეში შეიძლებოდა და ხეებით დაფარულ გორაზე მიგვითითა. ავედით, თუმცა გვირილების მინდორი, ხედი რამდენიმე სახლის სახურავზე და ქვეწარმავალი შეგვრჩა. ამოცანა - მზის ამოსვლის კადრი დავივიწყეთ. მიუხედავად ამისა, ედომ იხტიბარი არ გაიტეხა, ოჯახის უფროსს კიბე გამოართვა, სხვენში ავიდა, კამერა აიტანა და სახურავში გამოჭრილი პატარა ფანჯრიდან, აბლაბუდებს შორის ერთი კადრი მოინიშნა. ასე შეგვრჩა დილის შვიდ საათზე გადაღებული პეიზაჟი მზის გარეშე, ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე. ეს კადრი ედომ ლეპტოპში დააბინავა და „ვითომ გათენება“ დაარქვა. გათენდა.
ჭუბერის თემში ათი სოფელია: დევრა, ზემო მარღი, ლარილარი, ლახამი, ლეკულმახი, ლეწფერი, სგურიში, ტიტა, ქვემო მარღი, ყარი. ჩვენ თემის ცენტრში გავჩერდით - ასე უწოდებენ ადგილობრივები იმ ადგილს, სადაც სკოლა, საბავშვო ბაღი, რომელსაც საძირკველი არ აქვს, კულტურის სარეაბილიტაციო სახლი და ბოლო წლებში აშენებული ტაძარია განთავსებული. იქვეა ფეხბურთის სათამაშო მოედანი, ტრანსპორტის გაჩერება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ავტორობით საინფორმაციო დაფა მათთვის, ვისაც მიმდებარე სოფლებში საფეხმავლო მარშრუტი აქვს დაგეგმილი. დაფაზე მოცემულია რუკა, სადაც სხვადასხვა საფეხმავლო ბილიკების სირთულის შესახებ ინფორმაციაა აღნიშნული. ეს საკმარისი თუ არ იქნება, დამატებითი ინფორმაციის მოსაწოდებლად, თუნდაც საოჯახო სასტუმროში დასაბინავებლად, ადგილობრივები არ დაგზარდებიან.
ცენტრში ბევრი სასტუმრო არ არის. ერთ-ერთი, სადაც ჩვენი გადამღები ჯგუფი გაჩერდა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნანა ფირცხელიანს ეკუთვნის. აქ ერთი ღამით განთავსება, სამჯერადი კვებით, 60 ლარად შეიძლება. დიასახლისი საკუთარი ხელით მომზადებულ კერძებს წარმოგიდგენთ და გეტყვით, რომ თითქოს მარილი აკლია და უკეთ შეიძლებოდა... მე და ედომ (დაუფიქრებლად დიეტა დაარღვია) ვერ გავიგეთ, უკეთ როგორ შეიძლებოდა და სადილი თავაზიანად გავაგრძელეთ. მივირთვით კუბდარი, ჭვიშტარი, ხაჭაპური, სალათები და ა.შ...
ჭუბერის ცენტრიდან მანქანით რამდენიმე წუთის სავალზე, სოფელ ტიტაში შედარებით დიდი სასტუმროა, რომელიც გია ვიბლიანს ეკუთვნის, თუმცა მიმდინარე პერიოდში სრულად დატვირთულია, რადგან „ნენსკრა ჰესის“ უცხოელი, თუ თბილისიდან ჩასული თანამშრომლები ცხოვრობენ. სასტუმროს მფლობელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი შემოსავლის ძირითადი წყარო სასტუმროს ბიზნესი სწორედ მას შემდეგ გახდა, რაც ნენსკრას ხეობაში ჰესის მშენებლობა დაიწყო, ტურისტებს კი იშვიათი გამონაკლისების გარდა ვერც მანამდე ხედავდა და ვერც მას შემდეგ ამჩნევს. გვიხსნის, რომ ჭუბერის სოფლებსა და ნაკრას ხეობას საფეხმავლო ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს.აღსანიშნავია, რომ „ნენსკრა ჰესის“ საზოგადოებრივი ინვესტირების სტრატეგია ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„არაჩვეულებრივი ადგილებია ნენსკრას ხეობაში. იქ საცალფეხო გზები რომ გაკეთდეს, ტურისტები დაინტერესდებიან. იქით საჯიხვეები, ბუნებრივი ტბები და ხელშეუხებელი ბუნებაა“, - გვითითებს გია ვიბლიანი იმ მთებისკენ, რომლებიც მის ეზოში გვიყურებენ.
გია ვიბლიანთან გასაუბრების შემდეგ ჭუბერის თემის კიდევ ერთ სოფელში - ლახამში გავემართეთ, სადაც გოგა ჩხეტიანი გველოდებოდა, რომლის ეზოშიც გასულ წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა ზვიად კვიციანის ხელმძღვანელობით ექსპედიცია ჩაატარეს და სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე-მეხუთე საუკუნის ცივილიზაციის კვალს მიაგნეს.
„ბატონი ზვიადის ხელმძღვანელობით აქ რკინის გადამამუშავებელი ქურები იქნა აღმოჩენილი, როგორც ამას თავად უწოდებენ. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ ექსპედიციას კიდევ ვუმასპინძლოთ და მუშაობაგააგრძელონ, რომ საბოლოოდ დადასტურდეს, რასთან გვაქვს საქმე“, - ამბობს გოგა ჩხეტიანი და იმედოვნებს, რომ მის კარმიდამოში შერჩენილი ისტორიისკვალთან ცნობისმოყვარე ტურისტებიც მივლენ.
ნაკრას ხეობა
მეორე დღეს სოფელ ნაკრაში გავემგზავრეთ. გზად მჟავე წყალთან შევჩერდით. როგორც მოსახლეობამ აგვიხსნა, ჭუბერსა და ნაკრაში უხვად მომდინარე მჟავე წყლები კუჭ-ნაწლავის სისტემის გამართული მუშაობისთვის სასარგებლოა, თუმცა დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, ამიტომ არ უნდა დავხარბდეთ.
ნაკრას თემში 11 სოფელია: ანილი, თავრალი, კვიცანი, კიჩხულდაში, ლაშხრაში, ლაწომბა, ლენკვაში, ნაკრა, ჩუბარი, ცალერი, ხერხვაში. თემის ცენტრია სოფელი ნაკრა. ხეობაში დაახლოებით, 120 კომლიცხოვრობს. არცერთი სახლია ცარიელი და ამით ადგილობრივები ამაყობენ. დღევანდელი დასახლების ფესვები მე-19 საუკუნის დასაწყისთან მიდის, თუმცა ამ ადგილებში სიცოცხლის კვალი იმდენად ხნიერია, რომ ადგილობრივებს ლეგენდების მოსაყოლად მთელი დღე არ ეყოფათ და არც დაეზარებათ. მათ რიგებშია როდამ გვარმიანი, ნაკრას თემის სოფლების წარმომადგენელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
„ეს ისტორიული ხეობაა. შარშან არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა და ჩვ.წ.აღ 3000 წლით ადრინდელი არტეფაქტებია აღმოჩენილი“, - ასე დაიწყო როდამ გვარმიანმა ჩვენთვის საკუთარ სოფელში ექსკურსია და იმ გზას გაუყვა, რომელიც საუკუნეების წინ სავაჭრო დანიშნულებით გამოიყენებოდა - ნაკრადან ნენსკრას ხეობის გავლით კოდორში ჩადიოდა და ბოლოს შავ ზღვას უკავშირდებოდა.... ჩვენი გრუნტიანი გზა კი გამოქვაბულთან გაჩერდა.
„სიძველის გამოქვაბული“ - ამ სახელით იცნობს ნაკრას მოსახლეობა მთაში გამოჭრილ, ლეგენდებით სავსე ადგილს. როგორც მასპინძელმა გვითხრა, წინაპრების გადმოცემით, გამოქვაბულის სიგრძე რამდენიმე კილომეტრს აღწევს, თუმცა სიღრმეებში შესვლა შეუძლებელია, რადგან ალაგ-ალაგ ჩამონგრეულია.
„ერთ-ერთი ვერსიით, ომიანობის დროს ეს შეიძლება, განძსაცავი ყოფილიყო. არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ აქ ბერების საცხოვრებელი კელია იყო. როგორც ვიცით, ამ გამოქვაბულში ბევრი ოთახია, სადაც წინაპრები ჩადიოდნენ დაერთ-ერთ ოთახში ქვის მრგვალი მაგიდა იყო, სხვადასხვა ამოუცნობი იეროგლიფით“, - გვიამბო როდამ გვარმიანმა. მისი აზრით, არქეოლოგებს და ისტორიკოსებს ამ სოფელში ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო.
ამ ეტაპზე კი საფეხმავლო ტურიზმით დაინტერესებულებს შეუძლიათ, ბილიკებს ქვემო სვანეთიდან - ხაიშიდან გაუყვნენ და მესტიამდე ავიდნენ. გზად ნაკრასაც გაივლიან, შეხვდებათ მთა უთვირი, საიდანაც ლუთვნარის ტბამდე დაახლოებით ნახევარი საათის სავალია. ლუთვნარის უღელტეხილით სოფელ ჭუბერშია გადასასვლელი. იქვე ახლოს კამკამა ლატასის ტბაა, სადაც ბინძური ნივთის ჩაგდება, ამბობენ, რომ გაავდრებას იწვევს…
გაავდრების არა, მაგრამ დაღამების შიშით მე, ედო და მიშა (მძღოლი) სიუჟეტისთვის ბოლო შტრიხების გადასაღებად სასწრაფოდ ჭუბერში დავბრუნდით. საკმაოდ რთული გზა ავიარეთ და სოფელ ზედა მარღში ყველაზე მაღალი წერტილის ძებნა დავიწყეთ. მიშამ, რომელიც ჭუბერშია გაზრდილი, „მაგთისატის“ ანძაზე მიგვითითა... მართალია, ჩვენს სიუჟეტში „ვითომ გათენდა“, მაგრამ მზე ჩავიდა, ზუსტად ისე, როგორც ეს თბილისში დავგეგმეთ.
www.bm.ge