მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობები სვანეთში, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთის მეზობლად არიან.
მდინარე ნენსკრას ხეობაში ჭუბერის თემია გაშლილი, 13 სოფლით. ეს სოფლებია: ყარი, ქვედა მარღი, ზედა მარღი, ტობარი, ტიტა, ლეწფერი, ლეკულმახე, ჭუბერი, ლუხი, დევრა, სგურიში, ლახამი, ლარი-ლარი. აქ დღეს 321 კომლი ცხოვრობს. ამ ხეობაში 12 საოჯახო სასტუმროა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ბოლო წლების განმავლობაში საოჯახო სასტუმროების გამართვით არის დაკავებული, ეს ხეობები ტურისტების სიმრავლით არ გამოირჩევიან.
აღნიშნული ტერიტორიები ჩანჩქერებით, ტბებით, მჟავე წყლებით, მთებისკენ მიმავალი საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკებით არის გამორჩეული, სადაც სტუმრობა განსაკუთრებით, სალაშქრო ტურების მოყვარულებს დააინტერესებთ.
სოფელ ყარის მკვიდრი, ადგილობრივი სკოლის პედაგოგი თემურ ვიბლიანი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.
“ტურისტების მოსაზიდად მეტის გაკეთება შეიძლება და ამისთვის, პირველ რიგში პიროვნული აქტივობაა საჭირო. ასევე, აუცილებელია მარშრუტების მარკირება. ამაზე ჩვენი მუნიციპალიტეტი მუშაობს და ალბათ, უახლოეს მომავალში ჭუბერი იმ საერთო მარშრუტების ნუსხაში იქნება, რომლითაც ტურისტები ხელმძღვანელობენ.
ასევე, აუცილებელია ინფრასტრუქტურის, პირველ რიგში გზების მოწესრიგება. მოგეხსენებათ, სტიქიური მოვლენების ფონზე ძალიან ხშირად ზიანდება გზები და ამ დროს აუცილებელია დროულად მოხდეს მათი აღდგენა, რადგან ტურისტს, რომელიც მოდის, ამ მხრივ შეფერხება არ ჰქონდეს”, – აღნიშნავს თემურ ვიბლიანი.
სწორედ გზების მოწესრიგების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ჭუბერის თემში, ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ წერტილზე დასახლებული სოფლის, ზედა მარღის მაცხოვრებელი, პედაგოგი ლამარა დევდარიანი.
“ამ კარგ ბუნებაში ძალიან გვაწუხებს, რომ გზა არ გვაქვს. ოქტომბრის მერე აქ ისეთი თოვლი მოდის, რომ არც ბაკურიანში, არც გუდაურში და არც მესტიაშია. მიუხედავად ამისა, მაინც ვუმკლავდებით.
ბიბლიოთეკაც აღარ გვაქვს, არც სკოლა. ამის გამო ხალხიც გაიკრიფა. შემდეგ კი დრო შეიცვალა, ბუნებასთან ურთიერთობა ყველას მოსწონს. ხალხს ბეტონის ჩასახლებები მოსწყინდა და დაბრუნება სურთ, მაგრამ გზა, სკოლა, სამედიცინო პუნქტია აუცილებელი. ზამთარში ავად რომ გახდება ადამიანი, სანამ სოფლის ცენტრში ჩაიყვან… ჩვენი კაცები ნამდვილი გმირები არიან. როცა ვინმე ცუდად ხდება, ხის საკაცეს აკეთებენ სწრაფად, მხრებზე შეიდგამენ, წინ გამკვალავი მიდის და ხეობაში ჩადიან. უამრავი ადამიანი მომკვდარა იმისგან, რომ დროულად ვერ ჩაიყვანეს საავადმყოფოში”, – ამბობს ლამარა დევდარიანი.
რაც შეეხება მდინარე ნაკრას ხეობას, ეს დღეს 11 სოფლით (სოფლები: ანილი, თავრალი, კვიცანი, კიჩხულდაში, ლაშხრაში, ლაწომბა, ლენკვაში, ნაკრა, ჩუბარი, ცალერი, ხერხვაში) არის წარმოდგენილი, სადაც დაახლოებით 128 კომლი ცხოვრობს. ადგილზე ხუთი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს.
ნაკრას მაცხოვრებელი, ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობლი ნინო ვიბლიანი BM.GE-ს უყვება, რომ ტურიზმის გასავითარებლად მას და მის კოლეგებს ტრენინგები სჭირდებათ.
“ვცდილობ, ვსწავლობ, დიდი სურვილი მაქვს კურსები, ტრენინგები გავიარო, რომ უკეთ დავხვდე სტუმარს. ზოგადად, ტურისტს ძალიან სწორი მიდგომა სჭირდება. ამ სოფელში ყველა დაინტერესებულია ტურიზმის განვითარებით, მაგრამ ყველა ვითხოვთ ტრენინგებს.
დღეს ჩვენ ვთავაზობთ ტურისტს დასვენებას კვებით. ყველა ოჯახს აქვს გაკეთებული სველი წერტილებით ნომრები. ასევე ვთავაზობთ საცხენოსნო ტურს, მთებში გაყვანას, თუ ტრანსპორტით მომსახურებას უშგულში, მესტიაში, თუ ნებისმიერ ადგილას”, – ამბობს ნინო ვიბლიანი.
ცნობისთვის: ჭუბერისა და ნაკრას თემების თანამედროვე დასახლება დაახლოებით 150-წლიან ისტორიას ითვლის, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, ამ ხეობებში ცხოვრების კვალი წარსულში რამდენჯერმე წაიშალა.
bm.ge