„ჩვენ ვართ პირველი ქართველი ფერმერები, ვინც საქართველოში ფერმის ამერიკული მოდელი CSA დანერგა“ - „ფერმა ოდაში“
„ფერმა ოდაში“ 5ჰა-ზეა გაშენებული და 40-მდე სახეობის სეზონურ ბოსტნეულს აწარმოებს. კომპანია პირველია, ვინც საქართველოში ფერმის ამერიკული მოდელი CSA(Community Supported Agriculture) დანერგა.
„ფერმა ოდაშის“ დამფუძნებლის, სალომე კალანდაძის თქმით, მეურნეობის შექმნის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა. მეურნეობას მოპოვებული აქვს სოფლის განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების გრანტი და ასევე იყენებენ იაფი აგროკრედიტის პროგრამას.
„მეურნეობის შექმნის იდეა გაჩნდა პანდემიის დროს, როდესაც თვე-ნახევრით სოფელში გადმოვედით საცხოვრებლად, თბილისში, ბინაში რომ არ ვყოფილივიყავით ჩაკეტილები. ამ პერიოდში, ძალიან მოგვეწონა ეს ყველაფერი და გადავწყვიტეთ გადმოსვლა. 1 წლის განმავლობაში ვემზადებოდით ამისთვის, როგორც ცოდნის მხრივ, ასევე ფინანსურად.
საქმიანობაში ინვესტირებული საკმაოდ ბევრია, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერს ეს არ ეტყობა. სოფლის მეურნეობა უფრო გრძელვადიანი პროექტია და ინვესტირებული კაპიტალი ხშირად არ ჩანს ნათლად. გარდა ამისა, 4 წლის განმავლობაში, ფერმის სრული მოგება ისევ მის განვითარებას ხმარდება.
გრანტებს რაც შეეხება, მოპოვებული გვაქვს სოფლის განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების გრანტი და ასევე ვიყენებთ იაფი აგროკრედიტის პროგრამას, რომლის ფარგლებში სახელმწიფო გვეხმარება სესხის უზრუნველყოფის და სესხის პროცენტის თანადაფინანსების ნაწილში“.
„ფერმა ოდაში“ 5ჰა-ზეა გაშენებული და 40-მდე სახეობის სეზონურ ბოსტნეულს აწარმოებს.
„მეურნეობა გაშენებულია ამჟამად 5 ჰა-ზე. მოგვყავს დაახლოებით 40-მდე სახეობის სეზონური ბოსტნეული. სიაში შედის, როგორც ყველასთვის კარგად ნაცნობი ბოსტნეული როგორიცაა: კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, ბოლოკი, ჭარხალი, კომბოსტოები, სალათის ფოთლები, მწვანილები, ასევე ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ სიახლეები და მივაწოდოთ ისეთი ბოსტნეული, როგორიცაა: ქეილი, რუკოლა, კოლრაბი, ბრიუსელის კომბოსტო, რომანესკო, პაკ ჩოი, მანგოლდი, სტევია და მრავალი ჩვენთვის უცხო მცენარე“.
ფერმერის თქმით, „ფერმა ოდაში“ პირველი ქართული ფერმაა, სადაც დაინერგა ფერმის ამერიკული მოდელი CSA (Community Supported Agriculture).
„ჩვენ ვართ პირველი ქართველი ფერმერები, ვინც საქართველოში ფერმის ამერიკული მოდელი CSA(Community Supported Agriculture) დავნერგეთ. ეს მეთოდი აკავშირებს ადგილობრივ ფერმერსა და საბოლოო მომხმარებელს ერთმანეთთან. ეს არ არის უბრალოდ ერთჯერადი გაყიდვები. ჩვენ ვიცით ვინაა ჩვენი მომხმარებელი და ასევე, მომხმარებელმა იცის, ვინ ვართ ჩვენ და რატომ ყიდულობს ჩვენგან პროდუქტს.
სანამ სეზონი დაიწყება, მანამდე ვყიდით მთლიან მოსავალს. ჩვენი მომხმარებლები მხარს გვიჭერენ ფინანსურად, რათა სწორედ მათთვის შევძლოთ ჯანსაღი, საინტერესო და გემრიელი ბოსტნეულის მოყვანა. როგორც კი განსაზღვრული რაოდენობის პაკეტებს გავყიდით, რომელიც მოიცავს 8-12 სახეობის სეზონურ ბოსტნეულს 22 კვირის განმავლობაში (10 კგ ან 5 კგ ყუთებს, რომელშიც იქნება 8-12 სახის სეზონური ბოსტნეული, ოღონდ რაც იმ მომენტში მოვა.)
ასევე ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა მშობლებისგან, ისინი ეძებენ ჯანსაღ ბოსტნეულს თავიანთი პატარებისთვის და სწორედ ახლა ვქმნით საბავშვო ყუთს,სადაც მათთვის სასარგებლო ბოსტნეულის ვარიაცია იქნება შეკრებილი“.
როგორც სალომე კალანდაძე აღნიშნავს, ვინაიდან სოფლიდან მუშახელის დიდი გადინებაა უცხოეთში, კადრის მოძიება და შენარჩუნება ძალიან ჭირს.
„იქიდან გამომდინარე, რომ სოფლიდან მუშახელის დიდი გადინებაა უცხოეთში, ძალიან ჭირს კადრის მოძიება და შენარჩუნება. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პრობლემა აღმოჩნდა და შემდეგნაირად მოვაგვარეთ. დავრეგისტრირდით საერთაშორისო საიტზე, რომელიც დამსაქმებლებისა და მოხალისეების ძალიან დიდი ბაზაა და ახლა ჩვენი თანამშრომლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ჩვენთან სამუშაოდ, გამოცდილებისა და კულტურის გასაზიარებლად. ჩვენც ვხვდებით ქართული სტუმარმასპინძლობით და ვუზიარებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას“.
„ფერმა ოდაში“ სამომავლოდ ხის კოტეჯების აშენებას და აგროტურიზმის განვითარებას აპირებს.
„იმ ტერიტორიაზე, სადაც მეურნეობა გვაქვს, არის ტბა და შესანიშნავი ხედი კავკასიონზე. სამომავლოდ, ვაპირებთ ავაშენოთ ხის კოტეჯები და მომხმარებლებს მივცეთ უნიკალური შესაძლებლობა, სურვილისამებრ ჩაერთონ აგროსამუშაოებში და დღის ბოლოს მიირთვან საკუთარი ხელით დაკრეფილი და მომზადებული კერძები“.
commersant.ge