“არცერთი სასტუმროს მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს,”- ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მისი განცხადებით მთავრობა ე.წ. “ტურისტული ემბარგოს” საპასუხოდ ტურიზმის სფეროში ჩართულ მეწარმეებს, კერძოდ კი მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელებს კრედიტის თანადაფინანსებაში დაეხმარება.
ბახტაძის თქმით, ამასთან ერთად მთავრობა უცხოეთში გააქტიურებს მარკეტინგულ კამპანიებს და საქართველოს მიმართულებით ახალი რეისების დამატებას შეუწყობს ხელს:
“მე ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელებთან და შესაბამის მცირე მეწარმეებთან კონტაქტი. სწორედ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა ეს სამუშაო გეგმა.
პირველ რიგში, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არიან ტურიზმის სექტორში დასაქმებული, მათ შორის კი განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი აღმოჩნდა მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელები, რომ მათ ამოვუდგეთ მხარში.
ჩვენ ავამოქმედებთ ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, მათ [ტურიზმის ბიზნესში ჩართულთა] დიდ ნაწილს აქვს საბანკო სესხები აღებული, იმისთვის რომ განევითარებინათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოხდება ამ პროცენტების თანადაფინანსება.
იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი, ძალიან ბევრ მეწარმეს ჰქონდა გეგმა, რომ გაეფართოვებინა თავისი სასტუმრო, ან მეოხდინა ახალი სასტუმროს მშენებლობა.
შესაბამისად, ის მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევქმენით ევროკავშირთან ერთად, სწორედ ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით შევძელით ჩვენ ამ ინსტრუმენტის შექმნა, ეს არის საკრედიტო საგარანტიო სქემა, ეს იქნება მიმართული იმ მეწარმეებზე, რომლებიც დასაქმებული არიან სასტუმრო სექტორში.
ყველა პროექტი, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა და რომელსაც ახლა შეიძლება ჰქონდეს ბარიერი, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ბარიერები. ჩვენ ყველა ამ პროექტს დავეხმარებით სახელმწიფო გარანტიით. არცერთი სასტუმროს მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს.
ამასთან ერთად არის პირდაპირი რეისების დამატებას, ახალ ბაზრებზე მარკეტინგის წარმოებას და ასე შემდეგ. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის განცდა რომ კომუნიკაციის ნაკლებობაა ამ სექტორთან. უფრო მეტიც ყველაზე მეტად ჩვენ მათთან გვაქვს კომუნიკაცია,”- აცხადებს ბახტაძე.
bm.ge