ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს 1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“
28 ივნისი, 2019

„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ტურისტული მიზნებით 1.7 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მილიარდი ლარი იქნებოდა. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე. ჩვენი როლი და ფუნქცია არის ის, რომ შევასუსტოთ ეს დარტყმა და დანაკარგი.“

რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, პუტინის მიერ საქართველოში ფრენებსა და ტურიზმზე დაწესებულ სანქციებს აფასებს.

„ამ დღეებში, პირველი რაც გავაკეთეთ ეს არის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ეკონომიკის მინისტრის ინიცირებული იყო შეხვედრის წაყვანა. მთავარი მიზანი კი იყო, სწორედ შეგვეფასებინა ის გავლენა, რომელიც უკვე ასეთი ხელშესახებია. სახელმწიფომ ბევრი რესურსი ჩადო შესაბამის გუნდებთან და სამინისტროებთან ერთად, რომ ტურიზმის სექტორი წლიდან წლამდე გაზრდილიყო და ბუნებრივია, შედეგები, თუნდაც მგზავრთნაკადის რაოდენობის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, ნამდვილად შთამბეჭდავია.

2018 წელს ჩვენს ქვეყანაში 8.7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა და ქვეყანაში 3.2 მილიარდი დოლარი დახარჯა. რაც შეეხება, ამ სტატისტიკაში რუსეთის მონაცემებს. 2018 წელს 1.4 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ტურიზმიდან შემოსული 8 მილიარდი ლარიდან, 2 მილიარდი არის რუსეთის წილი. რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით პოპულისტები და ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება ჩვენზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. რუსეთის ბაზრებზე 2019 წელს მარკეტინგული მიმართულებით დახარჯული იყო 0 ლარი, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზრის მდგრადობა ამ ქვეყანაში ისედაც გვქონდა და ნაკადიც ძლიერი იყო.

ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ტურისტული მიზნებით 1.7 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მილიარდი ლარი იქნებოდა. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე. ჩვენი როლი და ფუნქცია არის ის, რომ შევასუსტოთ ეს დარტყმა და დანაკარგი. ვიმუშავებთ ბევრს, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავდგეთ ფეხზე, ადამიანები იყვნენ დასაქმებულები და ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ მიიღონ სტუმრები.
არსებული 10 პუნქტიანი გეგმა, რა თქმა უნდა, საბოლოო გეგმა არ არის, ეს უფრო მსჯელობის შედეგია, სამდღეში ვერავინ შემოგვთავაზებს იმ გეგმას, თუ როგორ უნდა ჩავანაცვლოთ მილიონიანი ნაკადი,“ – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.